რუსეთის ათამდე რეგიონსა და მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო

11 hours ago 3

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჩამონათვალში ათამდე ოლქი და დედაქალაქი მოსკოვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 121 უკრაინული დრონი. მათგან 37 ბრიანსკის ოლქში, 20 - რიაზანში, 17- კურსკის ოლქში, 17 - სარატოვში, 7 - როსტოვის ოლქში, 6 - მოსკოვის ოლქში, 6 - ბელგოროდში, 3 - ვორონეჟის ოლქში, 2 - ტულაში, 2 - ორიოლის ოლქში, 2 - ლიპეცკში და 1 - ყირიმში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი უშუალოდ მოსკოვის თავზეც ჩამოაგდეს. მანამდე, მოსკოვის მერი სობიანინი იუწყებოდა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქში მოიგერიეს.

თავდაცვის სამინისტრომ დილით გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ლენინგრადის ოლქშიც.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, ქვეყნის რეგიონებზე 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე მასირებული შეტევა განხორციელდა.

რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და თბოელექტროსადგურის ტერიტორიებზე.

რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა ხანძარი „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“.

რუსული წყაროების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.

უკრაინას დღევანდელი ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.

სრულად წაკითხვა