რუსეთის გარდა, არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ - ლორა თორნტონი

15 hours ago 2

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ.

„ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ... ირანის გავლენა [საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ] რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ - ვიცოდი, რომ ისინი [ირანის ხელისუფლება] მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის, რომ ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად“, - განაცხადა ლორა თორნტონმა 9 იანვარს „ჰადსონის ინსტიტუტში“ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

„აი, ვინც პირდაპირ იყო იქ [ჩართული], იყო აზერბაიჯანი“, - თქვა ლორა თორნტონმა და საარჩევნო პროცესში აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევაზე ისაუბრა:

„აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე, როგორც მედიაფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცენებზე იდგნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვერდიგვერდ… ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა.

ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტმა 2024 წლის 30 ივლისს საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხილვამ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით. მათს შორის ერთი ადამიანი იდგა.

ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ინაუგურაციას ესწრებოდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც. ორივე ეს ჯგუფი ტერორისტულად არის გამოცხადებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი“.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტმა (კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი, RSC) 27 დეკემბერს გააკრიტიკა ირაკლი კობახიძეს ირანში ამ ვიზიტის გამო და დაწერა: „ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი პრო-ირანულ დიქტატორებს“!

სრულად წაკითხვა