რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიესალმება

8 months ago 6

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ და უშიშროების საბჭოს წევრმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა 18 აპრილს „ქართული ოცნება“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებისთვის შეაქო და განაცხადა: „ნებისმიერმა ქვეყანამ, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს ექნება უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, უნდა მიიღოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის არსიც არის საშინაო საქმეებში გარე ჩარევის აკრძალვა“. მან ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების დამხობის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

ვოლოდინის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასეთი კანონმდებლობის ისტორია აშშ-ში დაიწყო, სადაც ის კვლავაც „ყველაზე მკაცრია მსოფლიოში“. მისი თქმით, დღეს ასეთი კანონები „ამა თუ იმ ფორმით“ მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და „სხვა ქვეყნებში“. ვოლოდინმა ასევე განაცხადა, რომ მათი კანონები „უფრო ლიბერალურია“, ვიდრე ამერიკული. „რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კანონები ახლახანს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც მიიღეს“, – განაგრძო მან.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, საფრანგეთშიც განიხილება კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია უცხოური გავლენის შეზღუდვისკენ, მაგრამ „პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის ქუჩის საპროტესტო აქციები, არ არის შეძახილები აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან“. „იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან ემსახურონ ვაშინგტონს, შეუძლიათ მიიღონ კანონები უცხოელი აგენტების შესახებ, ოღონდ მხოლოდ აშშ-ის ნებართვით. სხვებისთვის… ვინც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, არ შეიძლება“, – განაცხადა მან. „ამ შემთხვევაში ეწყობა ქუჩის პროტესტი, არეულობა, გარე ზეწოლა. ეს არის ზუსტად ის, რაც საქართველოში ხდება“.

„ასეთი ისტერია უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არსებობს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის ფული უკვე გამოყოფილია და კანონის მიღებამ შესაძლოა ეს გეგმები ჩაშალოს“, – დასძინა ვოლოდინმა.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. იგი მიესალმა კანონპროექტის მიღების მცდელობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან „გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდური ხელი“ დგას. კანონპროექტს ასევე მიესალმა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა