“რუსეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის დასამარცხებლად” – აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი

4 days ago 2

“საქართველოს გამარჯვება ამ რთულ ბრძოლაში უაღრესად დადებით შედეგებს გამოიღებს სამხრეთ კავკასიისთვის”, -საქართველოში მიმდინარე მოვლენებს  ასე ეხმაურება ალი ქარიმლი, აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” (PFPA) თავმჯდომარე.

აზერბაიჯანში PFPA მთავარი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ევროკავშირში ინტეგრაციას. აზერბაიჯანის მთავრობა რეპრესიებს ახორციელებს PFPA-ს წინააღმდეგ. PFPA-ს 50-მდე აქტივისტი ამჟამად პოლიტპატიმრის სტატუსით ცხოვრობს.

2005 წლიდან ალი ქარიმლის აეკრძალა საზღვარგარეთ გამგზავრება და უარი ეთქვა პასპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა უკანონოდ ცნო. ასევე უკანონოდ იზღუდება მისი შიდა კომუნიკაციები ქვეყნის შიგნით. ოთხ წელზე მეტია მას უკრძალავენ ინტერნეტითა და მობილურ კომუნიკაციას.

“საქართველო ჩვენი მეზობელია, ქვეყანა, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხელისუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” გააძლიერა ავტორიტარული ტენდენციები, გააყალბა არჩევნები და გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკაზე. ეს რუსეთისთვის გარღვევის მომენტი იყო, რომელიც ახლა გეგმავს რევანშს რეგიონში. დღეს რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაამარცხოს დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში.

მამაცი ქართველი ხალხი 19 დღეა დღედაღამ დემონსტრაციას მართავს თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში და ითხოვს საკუთარ უფლებებს. ისინი მოუწოდებენ თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც მანიპულირებენ სახელმწიფო იძულებითი მექანიზმებით საკუთარი ინტერესებისთვის, შეუძლიათ მშვიდობიანი პოლიტიკური ძალების ფიზიკურად დათრგუნვა უხეში ძალის გამოყენებით. ამიტომ, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულმა ძალამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, უნდა გაზარდოს მხარდაჭერა ჭეშმარიტი “ქართული ოცნებისთვის” – საქართველოში დემოკრატიის აღდგენასა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”, – აცხადებს ქარიმლი.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ამჟამად უკრაინა და საქართველო რუსეთის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გლობალური დემოკრატიული ბრძოლის ეპიცენტრებია.

“იარაღის აღებით უკრაინელი ხალხი იცავს საკუთარ ქვეყანასა და მიწას ოკუპაციისგან, ამავდროულად კი, გამანადგურებელ დარტყმას აყენებს გლობალურ ავტორიტარიზმს და იცავს თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, მამაცი ქართველი ხალხი იბრძვის თბილისის ქუჩებში პოლიტიკური საშუალებებით. მსოფლიოში თავისუფლების ყველა მხარდამჭერმა გადამწყვეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს ორ მამაც ერს. საქართველოს გამარჯვება ამ რთულ ბრძოლაში უაღრესად დადებით შედეგებს გამოიღებს სამხრეთ კავკასიისთვის, ხოლო უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს თავისუფლებას მთელი მსოფლიოსთვის”.

ალი ქარიმლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და საქართველოს დე ფაქტო ლიდერი ივანიშვილი მზად არიან გააძლიერონ რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ავტორიტარული მმართველობის უზრუნველსაყოფად.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, ილჰამ ალიევი სისტემატურად ახდენდა რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ პრესასა და ოპოზიციაზე, რომელიც მხარს უჭერს დასავლეთთან აზერბაიჯანის ინტეგრაციას. აზერბაიჯანში ამჟამად 331 პოლიტპატიმარია. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია, რომელმაც პროგრამული მიზნად აზერბაიჯანის ევროკავშირში ინტეგრაცია გამოაცხადა, სრულიად აეკრძალა ნორმალური პოლიტიკური საქმიანობა. ამავდროულად, ილჰამ ალიევმა გააძლიერა ალიანსი პუტინის რუსეთთან და მიიღო ანტიდასავლური რიტორიკა.

რუსეთი დიდი ხანია ცდილობს სომხეთში ფაშინიანის მთავრობის დამხობასა და სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებას. მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სამხრეთ კავკასიის მომავალთან დაკავშირებით ამჟამად საქართველოში ვითარდება”.

სრულად წაკითხვა