რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეს კიევში დაარტყეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს და სამხედრო დანიშნულების კიდევ რამდენიმე ობიექტს.
სამინისტროს თანახმად, ეს იყო პასუხი უკრაინის ტერიტორიიდან ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით(ATACMS და Storm Shadow) როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის ქიმიურ კომბინატზე 18 დეკემბერს განხორციელებულ შეტევაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით „ჯგუფური დარტყმა მიაყენეს“ უკრაინის უსაფრთხოხების სამსახურის მართვის პუნქტს, კიევის კონსტრუქტორთა ბიურო „ლუჩს“, რომელიც რაკეტებს „ნეპტუნს“ და „ოლხას“ აწარმოებს და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის პოზიციებს. რუსეთის მტკიცებით, „დარტყმის მიზნები მიღწეულია“.
უკრაინას რუსეთის მიერ ჩამოთვლილ ობიექტებზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
კიევზე სარაკეტო შეტევა დღეს, 20 დეკემბერს, დილით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძრები გამოიწვია.
კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები, გაზსადენი და ავტომობილები.