რუსეთმა ნაბიჯი გადადგა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოსაღებად

5 days ago 6

სამშაბათს სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქმნის მექანიზმს ორგანიზაციების ამოსაღებად ტერორისტულთა სიიდან. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება.

დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იქნეს ამოღებული ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, თუ მან შეწყვიტა ტერორიზმის ხელშეწყობა, გამართლება და მხარდაჭერა. დოკუმენტი სახელმწიფო დუმას 25 ნოემბერს გადაეცა განსახილველად. 10 დეკემბერს დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით მიიღეს.

რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაციების რეესტრს. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა ორგანიზაციების ამ რეესტრიდან გამორიცხვის მექანიზმი. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ რეესტრიდან შესაძლებელია ამოიღონ ავღანური მოძრაობა თალიბანი, რომელიც ახლა ფაქტობრივად მართავს ავღანეთს. პუტინმა მოძრაობას ტერორიზმთან ბრძოლაში მოსკოვის მოკავშირეც კი უწოდა. თალიბანის წარმომადგენლები ჩადიოდნენ რუსეთში, რუსი მოღვაწეები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ, ავღანეთს სტუმრობდნენ. თუმცა ორგანიზაცია კვლავაც რჩება ტერორისტულთა სიაში.

გუშინ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოვიდა მოწოდებით, სირიული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან იქნეს ამოღებული. ეს არის შეიარაღებული ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ძალა, რომელმაც ახლახან დაამხო მოსკოვის მეგობრის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. კადიროვმა თქვა, რომ აუცილებელია სირიის ახალ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოება. ამასთან რუსეთის ხელისუფლება ბოლო მომენტამდე ასადის მოწინააღმდეგეებს ტერორისტებად მოიხსენიებდა. ახლა რიტორიკა შეიცვალა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვი ინარჩუნებს კონტაქტებს ახალ ხელისუფლებასთან და იმედოვნებს მათთან შეთანხმებას სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზების შესანარჩუნებლად. ოფიციალურად, თალიბებისგან განსხვავებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები (კადიროვის გარდა) ჯერ არ ლაპარაკობენ თავიანთ განზრახვაზე „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესახებ. ორგანიზაცია ასეთად არის აღიარებული აშშ-შიც.

სრულად წაკითხვა