რუსი დიპლომატი ასადზე: რუსეთი მეგობრებს არ ღალატობს

2 weeks ago 12

სირიიდან გაქცეული ბაშარ ასადის და მისი ოჯახის მოსკოვში ყოფნა დაადასტურა რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში(გაეროს სააგენტოები და სამმართველოები).

ულიანოვი რუსეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ასადი მოსკოვშია.

რუსმა დიპლომატმა დღეს, 9 დეკემბერს ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან. ულიანოვის თანახმად, „რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს. ეს არის განსხვავება რუსეთს და აშშ-ს შორის“.

8 დეკემბერს დღისით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სირიელმა მეამბოხეებმა ასადის რეჟიმი დაამხეს და მან ქვეყანა დატოვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ასადმა „შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემის მითითებით ქვეყანა დატოვა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, სად გაემგზავრა ასადი. 8 დეკემბერს ღამით, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს „კრემლის წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელებინეს ცნობა, რომ ასადი თავის ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და რუსეთმა, „ჰუმანიტარული მოსაზრებებდან გამომდინარე", მათ თავშესაფარი მისცა.

სრულად წაკითხვა