5 იანვრის დილას ჭოლარიების სახლში გალის რაიონის სოფელ საბერიოში მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იყო, როცა ბებიამ შეშის ღუმელის ცეცხლის დანთება დააპირა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალს სავარაუდოდ ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ჩაასხა - ხის პატარა სახლს ცეცხლის ალის სწრაფად და ძლიერად მოედო. არასრულწლოვნების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
“ბავშვების დედა ავადაა და რუხის კლინიკაში იწვა, ქმარი მის სანახავად წავიდა დილით და მარტო იყვნენ ბებია და ბავშვები იმ მომენტში სახლში. დედა კახათიდანაა [სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რ.თ], იქ ცხოვრობდნენ დროებით. ბავშვები კახათის ბაღში დაჰყავდათ. ახლა საახალწლოდ იყვნენ ჩამოსულები ბებიასთან. სოციალურად დაუცველები არიან, სოციალური შემწეობა ჰქონდათ და ამით ირჩენდნენ თავს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მცხოვრები.
უფროსი 8 წლის გოგო იყო, ყველაზე უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია დამწვრობით რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს მესამე ხარისხის დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სახისა და წინა მხრის არეში აღენიშნება. ექიმის თქმით, ამ ეტაპისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე ენერგოკრიზისის გამო რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. თუმცა, რაიონის მოსახლეობა გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად შეშის ღუმელსაც იყენებენ. რეგიონი გაზიფიცირებული არ არის, ამიტომ დენის გამათბობლებთან ერთად შეშის ღუმელს ან ბუხარს ადგილობრივები ხშირად იყენებენ.
ოკუპირებული გალის ე.წ.ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სოფელ საბერიოს დენის მიწოდება ბავშვების დაკრძალვამდე არ შეუჩერდება.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიას დაავალა, “ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს”.
„ამ საშინელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. თანავუგრძნობთ ჭოლარიას ოჯახს. აფხაზეთში ლათის ტრაგედიის დღიდან მოყოლებული არ ყოფილა ასეთი შემზარავი ინციდენტი ბავშვების დიდი რაოდენობის დაღუპვით. სულის სიმტკიცეს ვუსურვებთ დაღუპული ბავშვების ნათესავებსა და ახლობლებს“, - თქვა გუნბამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
გალის რაიონში დატრიალებული ტრაგედიას გამოეხმაურნენ თბილისში - ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, საპატრიარქო. პროევროპული აქციის მონაწილეები, საქართველოში აშშ-ის საელჩო.
“წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოფელ საბერიოში მომხდარს გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც:
"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“, -დაწერა მან.
ოკუპირებულ გალში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.
საქართველოს მოქალაქეები თანხას აგროვებენ დაღუპული არასრულწლოვნების ოჯახის დასახმარებლად.
პროევროპული აქციების მონაწილეებმა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.