საბერძნეთი: საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდა ამოქმედდა (ვიდეო)

6 hours ago 3

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და ΟΑΣΑ-მ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან უკონტაქტო გადახდის ახალ სისტემა “tap2ride” აამოქმედა, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, საბანკო ბარათის გამოყენებით იმგზავრონ ათენის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საბერძნეთის დედაქალაქში უკვე შესაძლებელია მგზავრობის საფასურის გადახდა სმარტფონებსა და ჭკვიან საათებში გააქტიურებული საბანკო ბარათისა და  ციფრული საფულის საშუალებით ΟΑΣΑ-ს ყველა სახის ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსებში, ტრამვაისა და ტროლეიბუსებში.

ATH.ENA ბილეთის ან ATH.ENA ბარათის გარდა, მგზავრებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სადებეტო, საკრედიტო ან თანხით წინასწარ შევსებული ბარათი ან „ჭკვიანი“ მობილური ტელეფონი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადასახდელად. მგზავრობის ღირებულება ანგარიშიდან ჩამოიჭრება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილიდან უკონტაქტო გადახდის სისტემის გამოყენება საპილოტე პროექტის რეჟიმში მოქმედებს ათენის საერთაშორისო აეროპორტის ექსპრეს ხაზების ავტობუსებში (X93, X95, X96, X97). საპილოტე აპლიკაციის გაშვების დღიდან სერვისით 90 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ექსპრეს მარშრუტებზე განხორციელებული ყველა ტრანზაქციის 9%-ს შეადგენს.

CNN Greece-ის ცნობით, ამ ახალი მომსახურებით ათენი უერთდება ევროპული ქალაქების სიას – მადრიდი, მილანი და ლონდონი, სადაც მგზავრებს საშუალება აქვთ, მარტივად, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ზრდას.

ნინო ბაჯელიძე

სრულად წაკითხვა