„ეს რეგულაცია დამსაქმებელს დიდ თავისუფლებას აძლევს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან იურისტი თამარ სურმავა და მუხლობრივად განმარტავს კანონში შესული ცვლილებების შინაარსა და მის ეფექტს. 11 ცვლილება, რომელმაც საჯარო სექტორი წარსულში დააბრუნა - სტატია იურისტის მიერ მოწოდებულ ანალიზზე დაყრდნობითაა მომზადებული, რომელიც მან სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
ცვლილება 1
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან.
თამარ სურმავას თქმით, ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს:
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს - იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, როგორიცაა მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე, გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების - შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის, მაგალითად მინისტრის უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
- შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, როგორიცაა დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, კადრებს პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ. კონკურსი საჭირო აღარაა.
- სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკი მიღწევა და მოხელის სერტიფიკაცი სავალდებულო მოთხოვნა აღარაა. ეს მაშინ, როცა აქამდე დაქვემდაბარებაში მყოფ პირს სერთიფიკატი ესაჭიროებოდა.
„ეს პირები მინიმალურ დონეზეც აღარ არიან დაცულნი, რაც ზრდის მათზე გავლენის მოპოვების რისკებს“, - ამბობს სურმავა.
ცვლილება 2
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიცაა მაგალითად მინისტრი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს პირს ამ საჯარო დაწესებულებიდან ან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულს. ასეთი შეიძლება იყოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე.
ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი - საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.
ცვლილება 3
ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა.
ეს ნიშნავს, რომ მოხელეებს წელიწადში 2 ჯერ შეაფასებენ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება.
„აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას“, - განმარტავს თამარ სურმავა.
ცვლილება 4
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს - მაგალითად მინისტრს - მოხელის შეფასების უფლება მიეცა, მისი შეფასების მომენტიდან 1 თვის განმავლობაში.
„ეს ნიშნავს, რომ შეფასების შესაცვლელად საჩივარი აღარ არის საჭირო. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა“, - წერს იურისტი.
ცვლილება 5
ახალი რედაქციით, თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
ეს ნიშნავს, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%.
მაგრამ, რამდენი ხანი უნდა დაუკავდეს? - სვამს კითხვას თამარ სურმავა და ასკვნის, რომ კანონმდებელს ამაზე ბევრი არ უფიქრიათ.
„მითითებულია - „მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.“ ანუ თუ შესაფასებელი პერიოდი დასრულდა პირველ ექვს თვეში - მაგალითად ივნისის ბოლოს, ახალი შესაფასებელი პერიოდი იწყება უკვე ივლისში. შესაბამისად, რა პერიოდი უნდა დაუკავდეს მოხელეს ხელფასი ბუნდოვანია", - წერს ანალიზში სურმავა.
ცვლილება 6
ახალი რედაქციით, მობილობის წესი რეორგანიზაციის შემთხვევებზე აღარ ვრცელდება.
ეს ნიშნავს, რომ თუ დასაქმებული რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდება, იგი საჯარო უწყებიდან საერთოდ თავისუფლდება. ცვლილებამდე საჯარო სამსახურს უფლება ჰქონდა მისთვის იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან მისი კომპეტენციის შესაფერისი ან ნაკლები კომპეტენციის ვაკანსია შეეთავაზებინა.
ცვლილება 7
ახალი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.
ეს ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დროს აღარ მოიაზრებენ უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანას [მობილობა აღარ ვრცელდება რეორგანიზაციაზე] და შესაბამისად, საკლასო დანამატის შენარჩუნებას.
„თუმცა, დიდი ალბათობით კანონმდებელს არ გაახსენდა კანონის 103-ე მუხლის მეორე წინადადების დანაწესი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება", - ამბობს თამარ სურვამა და ამატებს:
„ხოლო თუ გადაადგილება მოხდა უფრო დაბალი რანგის პოზიციაზე, საკლასო დანამატის შენარჩუნება აღარ არის გათვალისწინებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არის ის, რომ რეორგანიზაციის დროს მოხელე მხოლოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან“/
ცვლილება 8
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ.
ცვლილება 9
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხელეს სამსახურში არ აღადგენენ. მას მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
„ეს ნიშნავს, რომ რეგულაცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3 თვიან ლიმიტს“, - ამბობს იურისტი.
ცვლილება 10
ახალი რედაქციით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები - იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მათ შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.
„ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს ეს პირები არიან უვადოდ დასაქმებული საჯარო მოხელეები, კანონის ამოქმედების შემდგომ აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან", - განმარტავს ჩანაწერს თამარ სურმავა.
ცვლილება 11
ახალი რედაქციით, გარდამავალ პერიოდში სსიპ-ებზე ვრცელდება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, სსიპ-ების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე ვრცელდება, ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც მათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევს და მათთან ურთიერთობას აწესრიგებს.
იურისტის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სსიპ-ებშიც იგივე მოცემულობა იქნება, რაც ზემოთაა აღწერილი.
საბოლოოდ იურისტი, რადიო თავისუფლებასთან ასკვნის, რომ ამ ცვლილებებით საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები გაცილებით მოწყვლადი ხდებიან. ეს მაშინ, როდესაც კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
„პრაქტიკულად ვბრუნდებით 10 წლის წინანდელ მოცემულობაში, როდესაც შესაძლებელი იყო დასაქმებულის სამსახურიდან მარტივად გათავისუფლება და ამ პროცესში რთული იყო დისკრიმინაციული მიდგომების გამოვლენა და მათი პრევენცია“, - ამბობს იურისტი თამარ სურმავა.
ბოლო 9 დღეში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით სხვა კანონებიც მიიღო, რომელთაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი უწოდეს. რატომ? - წაიკითხეთ აქ.