საგანგაშო სტატისტიკა – “მე პირადად ვნახე ეს ადამიანები” – სახალხო დამცველი

1 week ago 5

3

აქციაზე დაკავებული 327 ადამიანიდან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – ამის შესახებ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  განაცხადა.

“ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი.

კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს”- განაცხადა იოსელიანმა. 

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, ინდივიდუალური ღონისძიებები გაატაროს აქციაზე კანონის დამრღვევი პირების მიმართ.

ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამართლიან პროტესტს გამოხატავდა.

„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ზედამხედველობას ადამიანის უფლებებზე ინტენსიურად, 24 საათის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას იმ უფლებადარღვევების შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულია და რომელიც მათ შორის გავუზიარე დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში შევხვდი. შეხვედრა მქონდა აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებთან. მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. გამოხატვის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს. მოქალაქეების უფრო დიდი ჯგუფი რუსთაველზე სამართლიან პროტესტს გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ. ასეთს ჰქონდა ადგილი და ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოხატვა“, – განაცხადა იოსელიანმა.

სრულად წაკითხვა