WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკომისიის 4 ნოემბრის ყოველწლიური ანგარიში გაფართოების შესახებ შეიცავს „ფაქტობრივ უზუსტობებს“ და „მცდარ შეფასებებს“ და „ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას“. ეს კი, სამინისტროს თქმით, „ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“.

„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას“, – აცხადებს საგარეო უწყება.

განცხადებას წინ უძღოდა ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშისა და კომუნიკაციის გამოქვეყნება, რომელთა თანახმადაც საქართველო კვლავ კარგავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სარგებელს, ხოლო გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად შეჩერებულია“. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში მიმდინარე „უკუსვლასა“ და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ „სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს“. 

სამინისტროს თქმით, ანგარიში „შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს“.

„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

This post is also available in: English