საია: ელისაშვილის მსგავსად, აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს

5 days ago 4

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.

საია მიიჩნევდა, რომ ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა ისე, რომ არ უსაუბრია ახლად გამოვლენილ იმ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო პატიმრობის შეცვლას. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოიყენა გირაო 4000 ლარის ოდენობით. ალეკო ელისაშვილი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურორს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენლ შუამდგომლობაში არ დაუსაბუთებია, რით იყო განპირობებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცვლილება, მხოლოდ უთითებდა, რომ ამ ეტაპზე ნაკლები ინტენსივობით არსებობდა ის საფრთხეები, რის საფუძველზეც პირველი წარდგენის სხდომაზე პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 6 დეკემბერს შეუფარდა პატიმრობა, ხსენებულ სხდომაზე ბრალდების მხარე აბსტრაქტულად უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე და მათ გასანეიტრალებლად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. საია მიიჩნევდა, რომ პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული, პროკურატურის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს აღნიშნულს.

საყურადღებოა, რომ საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატიურად მოუწოდებს პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ინიციატორი თვითონვე იყოს, თუმცა აღნიშნულს პროკურატურა როგორც წესი არ აკეთებს.

მართალია, გაუგებარია ამ შემთხვევაში რატომ მიიღო პროკურატურამ 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

პროკურატურის ინიციატივით სასამართლომ კიდევ ერთი აქციაზე დაკავებული პირის, 17 წლის მ. გ.-ს მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით.

საია 2011 წლიდან წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს, ამ დრომდე ორგანიზაციამ მოამზადა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში, გამოსცა 2 სპეციალური ანგარიში, და, ასევე, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის სახელმძღვანელო. მონიტორინგის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, სისხლის სამართლის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა