საია: მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, შსს დანაშაულს ჩადის

2 weeks ago 11

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიცია იყენებს ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა დემონსტრანტების ალყაში მოქცევა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს და აჩვენებს, რომ მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, შსს დანაშაულს ჩადის.

ორგანიზაციის თქმით, სპეცრაზმმა 1-2 დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი ათზე მეტ შემთხვევაში განაგრძო. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, დახურულ სივრეში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.

კვლავ დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის განზრახ ხელის შეშლის შემთხვევები, მათ შორის სპეცრაზმის მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება, ვიდეოკამერების გატეხვა, ფიზიკური შეურაცხყოფა და დაკავება. საია ონლაინ მედიის ჟურნალისტის გიორგი ჩაგელაშვილის დაკავების შესახებ იტყობინება.

„ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა