საია-მ დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

1 week ago 6

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დემონსტრანტების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე პროცესების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. საია აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე, თუმცა ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად. ორგანიზაციის თქმით,  „ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას  პრაქტიკად აქცევს“.

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მუდმივად აწესებდა ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, როგორიცაა პატიმრობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა დაკავებულთა ასაკი, ჯანმრთელობა ან ოჯახური მდგომარეობა. დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. „ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა“, – აცხადებს საია.  

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების დასაბუთებასაც, უნდა ახდენდეს ბრალდების მხარე. ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ ეს პრინციპი დაარღვია.

საია აღნიშნავს, რომ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილსაც, რომელსაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის (დევნა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით) ჩადენას  ედავება ბრალდების მხარე. „ოპოზიციონერი აქტიური პოლიტიკოსების მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, ბრალდების მხარემ და შემდგომში –  სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა იმგვარად დაასაბუთოს, რომ საზოგადოებაში არ რჩებობოდეს პატიმრობის გამოყენებით პოლიტიკოსის განეიტრალების შესახებ ეჭვები“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციამ ასევე დაგმო დაკავებულ მომიტინგეთა მიმართ წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის გამოყენების ფაქტები. რამდენიმე დაკავებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ იტყობინება, მათ შორისაა ოპოზიციური კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც პოლიციის მანქანაში სცემეს, ასევე საბა სხვიტარიძე, რომელსაც დაკავების შემდეგ ნიღბიანები დაესხნენ თავს. რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები.

საია-მ მომიტინგეებზე ძალადობის მიმართ გულგრილობის გამო სასამართლო ხელისუფლებაც გააკრიტიკა. ერთ საქმეზე, მოსამართლე ნანა შამათავამ დააზუსტა, „ძალადობა მოხდა სისხლისსამართლებრივი დაკავებისას თუ ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში“. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტაციული დაკავებისას, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავება განგრძობითი იყო. კერძოდ, ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად 48 საათი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, შემდგომში ფაქტობრივად შეაბრუნეს იზოლატორში, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით, სათანადო პროცედურული გარანტიების გარეშე. ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება.

„მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსხილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვითი მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრულობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საია აღნიშნავს, რომ ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მტკიცებულებების არარსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კერძოდ, 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი.

ორგანიზაცია ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკურმა სირთულეებმა, როგორებიცაა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის არქონა და სხდომების არასამუშაო საათებში ჩანიშვნამ, გარკვეულწილად დაარღვია საჯაროობის პრინციპი. ერთი მოსმენის დროს, დამსწრეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა არ ჩაატარა შედარებით უფრო დიდ დარბაზში; ერთ-ერთ სხდომაზე კი, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დარბაზში სამრიგად განლაგებული პოლიციის თანამშრომლები.

დაპატიმრებები და თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდებოდა, რამაც ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ბევრი მშვიდობიანი მომიტინგე მძიმედ დაშავდა.

სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა დაკავების იზოლატორებში არსებული პირობების გამო, სადაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, კერძოდ მე-3 მუხლს, რომელიც წამებას კრძალავს. ძალადობის საპასუხოდ, საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და უკრაინამ ძალადობაზე პასუხისმგებელ ქართველ ოფიციალურ პირებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესეს.  პირების მიმართ, მათ შორის კობახიძესა და დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილზე. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, „მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა