საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ოთხივე ნახევარფინალისტი ბოლო ტურში გამოვლინდება

5 hours ago 5

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. შედეგები ისეთი დაფიქსირდა, რომ ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა.

შესაბამისად, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ სამივე ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები ფინალის ტოლფასია. ერთმანეთს ისეთი გუნდები ხვდებიან, რომლებსაც თითო გამარჯვება აქვთ და 11 იანვრის მატჩებში გამარჯვებულები ნახევარფინალში გადავლენ, რომლებსაც 1 წაგებული დაემატება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან გამარჯვებულები და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის, რომლებიც ნახევარფინალში დაწყვილდებიან.

შესაბამისად, სამივე ჯგუფში გაირკვა ბოლო ადგილზე გასული გუნდები, რომლებმაც ორივე მატჩი წააგეს და ასპარეზობა დაასრულეს. ესენი არიან გურჯაანის დელტა, ტყიბულის ორბი და თბილისის რაში. ასე და ამგვარად, 11 იანვარს, ბოლო ტურის 3 მატჩი მემორიალის 4 ნახევარფინალისტს გამოავლენს.

B ჯგუფი | რაში (თბილისი) vs ქუთაისი
სტატისტიკა: 77:85

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ყველაზე მეტჯერ მომგები “ქუთაისი” ტურნირში მეორე ტურიდან ჩაება და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა “რაშმა” ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა დასკვნით წუთებზე დათმო.

თბილისური გუნდი პირველი პერიოდის შემდეგ 7 ქულით იგებდა და დაახლოებით ამ ლიდერობას ინარჩუნებდა მეორე პერიოდის ბოლომდე, თუმცა დასკვნით წუთებში ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერის, მარქილ სმიტის აფეთქებამ რაშის ნაჯაფარი ერთ წუთში გააქრო და პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო. მესამე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა, ხოლო ბოლო ათწუთეულში ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” 77:67 დაწინაურდა, თუმცა “რაშის” მოთამაშეები არ გატყდნენ. ნოდარ გოგოძის სამქულიანებითა და კონ კერის ზუსტი სროლებით ანგარიში დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გათანაბრდა – 77:77. ქუთაისელთა კაპიტანმა, აკაკი დვალიშვილმა თავისიანები ზუსტი სამქულიანით წინ გაიყვანა, ხოლო რაშის მსროლელმა ნოდარ გოგოძემ სამქულიანი სროლის შეტევაში ჯარიმა მიიღო და როცა ქუთაისელებმა საპასუხო შეტევა დააგვირგვინეს, მატჩის ბედიც გადაწყდა.

11 იანვარს ერთმანეთს ქუთაისი და ამრა შეხვდებიან და გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვეს, თუმცა წაგებულსაც ექნება ჯგუფიდან გასვლის შანსი – გააჩნია სხვა ჯგუფების კონკურენტები რა სხვაობით წააგებენ.

A ჯგუფი | დელტა (გურჯაანი) vs (მარგვეთი) ზესტაფონი
სტატისტიკა: 89:100

გურჯაანის დელტამ პირველ ტურში თსუ-სთან წააგო და საიმისოდ, რომ ჯგუფიდან გასვლის იმედი შერჩენოდა, გამარჯვება სჭირდებოდა. ეს გუნდები დაახლოებით ტოლძალოვანნი არიან. ყოველ შემთხვევაში სუპერლიგის პირველი წრის შედეგებით ასეა და შესაბამისად, გამოკვეთილი ფავორიტი არცერთი ყოფილა.

ასეც იყო, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. გურჯაანელები საკმაო ხანს ლიდერობდნენ, მე-3 პერიოდში 11 ქულითაც კი გავიდნენ წინ, თუმცა მარგვეთს ლეგიონერებთან ერთად დიდად დაეხმარა სანდრო სანაძე, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. სანაძემ რაჰსან ედვარდსთან ერთად 24-24 ქულა მოაგროვა. ეს ტანდემი განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში გამოირჩა, მათმა სამქულიანებმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

განსაკუთრებით უმოწყალო იყო ედვარდსი, რომელმაც 7 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი ზესტაფონელებმა 16 შორი სროლა მიითვალეს და ბოლო პერიოდში 17-ქულით გალიდერდნენ. მატჩი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბევრს ეგონა, დაძაბულ ფინალს იხილავდა, უღიმღამოდ ჩამთავრდა. მარგვეთმა გამარჯვება საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოიპოვა, როცა მეტოქეს 15 ქულაზე მეტით გაექცა.

ზესტაფონის მარგვეთი ბოლო ტურში თსუ-ს დაუპირისპირდება. გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. თუკი თსუ წააგებს, დიდი ალბათობით მაინც გავა ჯგუფიდან, რადგან პირველ ტურში ყველაზე დიდი სხვაობით უნივერსიტეტელებმა იმარჯვეს და წაგების შემთხვევაში საუკეთესო მეორეადგილოსნობაში ძნელად თუ ვინმე შეეცილება.

C ჯგუფი |ივერიონი (გორი) vs ორბი (ტყიბული)
სტატისტიკა: 105:94

ტყიბულის “ორბმა” გორის “ივერიონთან” მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე პერიოდიდან ხელი მოეცარა და საბოლოოდ უშანსოდ წააგო. იმერული კლუბი სუპერლიგაში 2 მოგებით ბოლო ადგილზეა, საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე კი დამაიმედებელი თამაში ვერ აჩვენა და გუნდის ხელმძღვანელობას საფიქრალი გაუჩინა. კლუბში ალბათ კიდევ მოხდება ცვლილებები, რადგან ასეთი გაქანებით სახეირო შედეგები ტყიბულელებს არ ელოდებათ.

გორის ივერიონს ახალი ლეგიონერი, ჯეი პალი აკლდა, თუმცა გუნდმა ლაღად, შემართებით ითამაშა. დავით როგავამ გუნდის ყველა წევრი ათამაშა, თუმცა ეს მეორე ნახევარში, სანამ ორბი წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მესამე პერიოდიდან ანგარიშშიც და თამაშშიც სხვაობა დიდი იყო.

გორელებს ულიდერა ოსტონ ჩატმანმა, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა. 18 ქულით გამოირჩა ივა მეგენეიშვილი, ნიკოლოზ დარბაიძემ კი 14 ქულა მიითვალა. რეჯი მესიდორმა უფრო ბურთის გათამაშებაზე გააკეთა აქცენტი და 16 ქულასთან ერთად 7 შედეგეიანი გადაცემა გაიფორმა. ტყიბულის გუნდში ჩინებულად გაისარჯა ტაისონ ჯექსონი, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. სეზონის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბექა ლომაშვილს – 18 ქულა, 13 მოხსნა.

C ჯგუფის ბოლო ტურში ერთმანეთს ჯგუფიდან გასასვლელად ვსა და ივერიონი შეხვდებიან. ვსა-მ პირველ ტურში ორბს 20 ქულით სძლია.

- ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა