ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მე-20 გათამაშების ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "ქუთაისი 2010-ს" შეხვდება. ამ გუნდებმა დღეს დიღმის არენაზე ნახევარფინალები მოიგეს და არაერთგზის მოგებული ტიტულის მოგებას ერთხელაც შეეცდებიან.
ნახევარფინალური მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა.ერთში სულაც ოვერტაიმი დაფიქსირდა – “ქუთაისმა” ვსა დამატებით დროსი გატეხა, ხოლო თსუ კარგა ხანს აგებდა და გორის "ივერიონის" დამარცხება ბოლო წუთებზე შეძლო. ორივე მატჩში თითქმის ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა: თსუ-მ 93:87 სძლია ივერიონს, ხოლო ქუთაისმა დამატებით დროში 92:87 დაამარცხა ვსა.
ქუთაისმა ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან წაგებას თვალებში ჩახედა, როცა მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე ქულით (79:78) დაწინაურებული ვსა-ს გამთამაშებელი, ჯერმეინ ჰედი საჯარიმოს ხაზზე დადგა. ქუთაისელთა საბედნიეროდ, ჰედმა ორივე საჯარიმო გააცუდა და ბოლო შეტევა ქუთაისელებს დარჩათ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე მეტოქის ფარისკენ დაძრული იმერული კლუბის ამერიკელი ლეგიონერი, მარქილ სმიტი ჯარიმით გააჩერეს, რომელმაც 1 სროლა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 79:79. ანუ ამ მომენტში უკვე ვსა გადარჩა, რადგან სმიტს რომ მეორე საჯარიმო ჩაეგდო, შეხვედრას ქუთაისელები მოიგებდნენ.
ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ელაია ჯოინერმა და გიორგი კორსანტიამ გამარჯვებისთვის საკმაო ქულები მიითვალეს და იმერული კლუბი მემორიალის ფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 20 ქულით, 13 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით კორსანტიამ ულიდერა. 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ჯოინერმა დააგროვა, 14 ქულა დაგროვდა ქუთაისელთა კაპიტნის, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე, რომელიც მეფარეა და 4 სამქულიანის ჩაგდებით ამ ამპლუისთვის გამორჩეულად კარგი შედეგი დააფიქსირა. ვსა-ში ჯერმეინ ჰედი იყო საუკეთესო – 24 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი. 21 ქულა მიითვალა ქსავიერ ჰილ-მეისმა.
რაც შეეხება თსუ-სა და გორის ივერიონის დაპირისპირებას, თსუ უმეტესად მდევრის როლში იყო და მესამე პერიოდში მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა. ჩინებულად თამაშობდა შიდა ქართლის გუნდი, რომელმაც პირველი პერიოდი 2 დათმო, თუმცა მეორეში 29:19 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
თსუ-მ მესამე პერიოდში თამაში დაალაგა. უკანა და წინა ხაზი შეწყობილად ამოქმედდა, დაცვაც საიმედოდ ათამაშდა და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. უნივერსიტეტელებმა პერიოდი 30:17 მოიგეს და დასკვნით ათწუთეულს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. გორელებმა რეჯი მესიდორის მექულეობით ბოლო წუთებზე მოგების შანსი მიიღეს, მაგრამ დასრულებამდე 2 წუთით ადრე რევაზ როგავას გამთანაბრებელი სამქულიანი თსუ-ს კალათში არ ჩაეშვა. შემდეგ იყო კარსონ ბაშამისა და თსუ-ს მეორე ლეგიონერის, გლენ აბრამის ქულები და თსუ-მ გამარჯვებასთან ერთად ფინალის საგზურიც გაინაღდა.
უნივერსიტეტელთა რიგებში 19 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი დევონტრე ტომასმა დააფიქსირა, კარსონ ბაშამის ანგარიშზე კი 17 ქულა და 10 მოხსნა იყო. ალექსანდრე ფევაძე, რომელსაც 2 ტექნიკური ჯარიმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა, 14 ქულას, 6 მოხსნას და 5 პასს დასჯერდა. გორელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ჩეჩელაშვილი.
ფინალური მატჩი, რომელშიც თსუ და ქუთაისი შეხვდებიან, 15 იანვარს, 18:00 საათზე, დიღმის არენაზე გაიმართება.
gbf.ge