საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. "აგენტების კანონზე" გადაწყვეტილება გამოაცხადა

1 week ago 14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე „აგენტების კანონის“ აღსრულებაში და არ შეაჩერა მისი მოქმედება.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღოს განსახილველად. კერძოდ, დაადგინოს, კანონის სხვადასხვა ნაწილი რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:

  • ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
  • აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
  • გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
  • კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (31-ე მუხლი).

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მოსამართლეებს ვადა შეზღუდული არ აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი.

“არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

სრულად წაკითხვა