საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა, სადაც განაცხადა:
-კითხვა ისმის და ისმოდა რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილებაა.
იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მით უმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა. შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებსა და დადგე როგორც პიროვნება.
სადღაც ჩემში მქონდა იმის იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასდროს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მჯეროდა, მიმაჩნდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამი ადამიანი მაინც მიიღებდა და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე.
შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად.