“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ამ რამდენიმე დღეში ყველაფერი იკადროს და გააკეთოს” – კახა კალაძე

1 day ago 4

„დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება“ – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების მომზადების მიზნით საბჭოს ჩამოყალიბებაზე და ამასთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის კონსულტაციებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის.

ჩვეულებრივი სისულელეა. არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, რასაც ვხედავთ დღევანდელი მოცემულობით.

ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, ის იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ მათ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა არ აწარმოეს, რატომ არ ვიცი და გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი – ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რადგან იყო მრავალპარტიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ვნახეთ მისივე შუალედური დასკვნა, საბოლოო დასკვნა, სადაც ყველაფერი ნათქვამია.

ის, რასაც ვისმენთ ახლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თქვენ იცით, რომ მას ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი და უნდა, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს, გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის, რა საბჭოებზეა ლაპარაკი?! „მთავრობანას“ თამაშობენ ერთმანეთში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებას, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ არავის დაპატიმრება არ იგეგმება, თუმცა თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

ჩვენ არავის დაპატიმრებას არ ვაპირებთ. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, თანამდებობა ვერ იქნება ფარი. არ აქვს მნიშვნელობა, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ქვეყნის მოქალაქე, ვინც ჩაიდენს დანაშაულს. თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასეთი დანაშაული შესაძლოა იყოს ხელისუფლების მითვისება.

ეს არის ხელისუფლების მითვისებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბრიფინგი და ძალიან ვრცლად იყო გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოხდება და გადაიდგმება ეს ნაბიჯი. ჩვენ შეიძლება მიჩვეულები ვართ მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ კანონის დარღვევას არ ვაპატიებთ არავის. ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება.

ჩვენ ვართ შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს კონსტიტუციას და კანონს. რაც შეეხება არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება ქვეყანაში.

ჩვენ მომავალ წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2028 წელს. კონკრეტული თარიღი და თვე როდის იქნება, ამას მოგვიანებით ვეტყვით საზოგადოებას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს.

რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან, რა შეხვედრა უნდა შედგეს?! სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში წავა იქ, სადაც წავა, სადაც გაუხარდება. რამდენიმე დღეში ამთავრებს თავის უფლებამოსილებას. დღეს კრიზისი აქვს ოპოზიციას, შესაბამისად, შეხვდეს ოპოზიციას და გამოიყვანოს კრიზისიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ძმები წულუკიძეები, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს და მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ, ასევე ირაკლი გვაზავა, რომელიც მსჯავრდებული იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში.

თუკი რაიმე უბედურება შეიძლება ადამიანმა იკადროს, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ამ რამდენიმე დღეში ყველაფერი იკადროს და გააკეთოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა და პირდაპირ წაახალისა ძალადობა. მერე გვიკვირს, რატომ ხდება ძალადობა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პირდაპირ უნდა გმობდეს ძალადობას, პირდაპირ წაახალისა და შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ და ცოცხლად წვავდა ახალგაზრდა ხალხს. წარმოუდგენელია. ეს არის სალომე ზურაბიშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა