“უღირსობა და დიდი ბორეტებაა ის, რასაც აკეთებენ”, – მოქალაქეები “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” სოლიდარობას უცხადებენ.
გორის მერია “გორის ფოტოგრაფთა კლუბს” შენობიდან აძევებს. საუბარია ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ მოწყობილ სივრცეზე, რომელიც უზურფრუქტის ხელშეკრულებით, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” ჰქონდა გადაცემული. აღნიშნულ შენობაში მდებარეობს კლუბის მიერ დაფუძნებული საგამოფენო სივრცე “ხელოვნების სახლი – Art House”.
მოქალაქეები “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” სოლიდარობას უცხადებენ და მერიის გადაწყვეტილებას სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ.
“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ. უღირსობაა ის, რასაც აკეთებენ და დიდი ბოროტება, რაც ნამდვილად არ შერჩებათ”, – ამბობს თაკო თინიკაშვილი.
მოქალაქეები იხსენებენ, თუ როგორ იქმნებოდა “ხელოვნების სახლი” და როგორ ცდილობდნენ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წევრები ნაგავსაყრელად ქცეული ადგილის მოწესრიგებას.
“საპირფარეშოდ ქცეული ადგილი ქალაქში ყველასათვის საყვარელ, კულტურულ და საინტერესო ადგილად აქციეს!!! ამას არავინ დავუკარგავთ, გორის მუნიციპალიტეტის მერია კი ძალიან ბევრს დაკარგავს”, – აღნიშნა დაკო მურადაშვილმა.
“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ! ვისაც აზრი და გონი მოეკითხება გორში, ყველამ იცის, ვინც ხართ, რაც გიკეთებიათ კონკრეტულად მაგ შენობისთვის ფუნქციის დაბრუნებაში რა ძალისხმევა დევს თქვენი! გორის მუნიციპალიტეტის მერია სამარცხვინო საქციელია”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
გორის მერიამ 16 დეკემბერს უძრავ ნივთზე უზუფრუქტის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით საჯარო რეესტრში განცხადება დაარეგისტრირა. “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” ხელშეკრულების ვადა კი 2026 წელს ეწურებოდა. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უწყება ახალგაზრდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვისთვის სჯის.
“ყველაფერს აქვს ზღვარი! როდესაც ადამიანები დებენ შრომას და ქმნიან იმას, რაც ვერ შექმნა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, არ შეიძლება ეს შექმნილი, ნალოლიავები და შვილივით მოვლილი სივრცე მხოლოდ იმისთვის წაართვა რომ, დგანან ხალხთან და ისტორიის სწორ მხარეს! ეს სივრცე მთელი ბავშვობა მაშინებდა, ყარდა! ჩავლაც შეუძლებელი იყო… ახლა ყველასთვის სასურველი სივრცეა, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” გარეშე, რუსკა ბუზიაშვილი”, – ამბობს რუსკა ბუზიაშვილი.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ მერიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საგამოფენო სივრცეში მოწყობილი საპროტესტო ინსტალაცია ,”ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!”ინსტალაცია 16 ნოემბერს შეიქმნა. საგამოფენო სივრცის კედლები წითელი საღებავით წარწერებით მოიხატა, ხოლო სახურავიდან ჩამოჟონილი შავი საღებავი საღებავი, “გაყალბებულ არჩევნების” სიმბოლო იყო.
ინფორმაციისთვის, სივრცე, რომელსაც გორელები “ხელოვნების სახლის” სახელით იცნობენ ევროკავშირის დაფინანსებით 2021 წელს მოეწყო და მალე მოქალაქეების საყვარელ ადგილად იქცა. იქამდე კი ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად და საზოგადოებრივ საპირფარეშოდ იყო ქცეული. “გორელ ფოტოგრაფთა” კლუბის წევრები თვეების განმავლობაში ასუფთავებდნენ ტერიტორიას და და გაჰქონდათ ნაგავი. მათ მოახერხეს, რომ ქალაქს ჰქონოდა საგანმანათებლო, კულტურული და შემეცნებითი ადგილი, რომლით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.