სამმაგი კრიტიკა კონტეს - კვარაცხელიას ნაპოლიში დაძაბული სიტუაციაა

1 week ago 5

ნაპოლიზე ორიენტირებულმა გამოცემამ, Spazionapoli-მ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილების მიღების გამო გააკრიტიკა და ნაპოლის ლაციოსთან განცდილ მარცხშიც სწორედ ის დაადანაშაულა.

ლუკაკუს ტრანსფერი

გამოცემა წერს, რომ ოსიმენის ლუკაკუთი ჩანაცვლების მცდელობა ნამდვილი პარადოქსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო სატრანსფერო ვარიანტი მატეო რეტეგიც იყო, რომელიც ახლა სერია A-ს ბომბარდირია, კონტემ მაინც ბელგიელი არჩია, რადგან მასთან ინტერში კარგი თანამშრომლობის მაგალითი ჰქონდა, თუმცა ანტონიოს ის დაავიწყდა, რომ დრო მიდის და 31 წლის ლუკაკუ ისეთივე ვეღარ არის, როგორიც აქამდე იყო.

გარღვეული ტაქტიკა

Spazionapoli კონტეს იმაშიც აკრიტიკებს, რომ სათამაშო გეგმა გაუგებარი და ამოუხსნელი იყო. მათი თქმით, რომელუ ლუკაკუ 8 ნომერზე მოთამაშე მაკტომინეისთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ფლანგზე შორს გარიყულ კვარაცხელიასთან და პოლიტანოსთან, რაც დარღვეულ, ერთმანეთისგან დაშორებული ფეხბურთელების საერთო სქემას ქმნიდა, ეს კი წარმატებას ვერაფრით მოიტანდა.

უალტერნატივობა

ნეაპოლური გამოცემა კონტეს იმაშიც ადანაშაულებს, რომ სათადარიგო სქემა არ აქვს. მათი აზრით, 3-მცველიანი ტაქტიკის უეცარმა ცვლილებამ ანტონიო ხელმოცარული დატოვა და იტალიელმა მწვრთნელმა სარეზერვო გეგმის წარმოდგენა ვერ შეძლო. აქ გამოცემა უმეტესად ყურადღებას ნახევარდაცვის დაუბალანსებლობასა და მაკტომინეის შემცვლელის არარსებობაზე ამახვილებს.

მოკლედ, 3-დღიან მონაკვეთში ლაციოსთან განცდილმა ორმა მარცხმა ნეაპოლი მაგრად შეაზანზარა და კონტესაც კრიტიკოსები საკმარისად მოუმრავლდნენ იმისათვის, რათა უახლოეს მატჩებში მისმა გუნდმა რაღაც ახალი და უკეთესი წარმოგვიდგინოს.

სრულად წაკითხვა