სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გასამართლებას მოითხოვენ

2 weeks ago 12

სამხრეთ კორეის ოპოზიცია პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის გადადგომას მოითხოვს მისი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს წაუყენონ ბრალი ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ მისი წევრები პრეზიდენტის გადადგომამდე გაფიცული იქნებიან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს მოულოდნელად გამოაცხადა რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. მთავრობა იძულებული გახდა საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.

საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფობრივი საქმიანობით ახდენს სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას.

მან ისიც განაცხადა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა და პარლამენტს „დამნაშავეთა ბუდე" უწოდა.

სრულად წაკითხვა