სანქციების დაწესების შემდეგ საგარეოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს

2 weeks ago 17

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და 9 ჩინოვნიკისთვის სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარეს.

კერძოდ, სამინისტროში იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დღეს, 3 დეკემბერს დაინიშნა. მან თეიმურაზ ჯანჯალია ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა.

„აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა შემდეგ პირებს:

ბიძინა ივანიშვილი,
ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი)
შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე)
ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე)
გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე)
ზვიად ხარაზიშვილი “ხარება” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი)
მილერი ლაგაზაური (“ხარებას” მოადგილე)
მირზა კეზევაძე (“ხარებას” მოადგილე)
ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
თეიმურაზ კუპატაძე (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი)

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ნადსბერგისმა X-ზე დაწერა, ზემოხსენებულ პირებს შეზღუდვები უწესდებათ ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათ წინააღმდეგ, ვინც “ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში.

“დემოკრატიისა ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – წერს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგივეს იმეორებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

სრულად წაკითხვა