WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სანქცირებული ტვ იმედის სარეკლამო შემოსავალი მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79%-ით, 14.4-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა.

60%-ით 2.5-დან 1 მლნ-მდე შემცირებული პოსტივის შემოსავლებიც.

“იმედიც” და პოსტივიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანახმად ტვ იმედმა 2025 წლის მესამე კვარტალში კომერციული რეკლამის სახით ჯამში 13.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რასაც 634 ათასი ლარი პროდუქტის განთავსების, 362 ათასი ლარის სპონსორობის და 16 ათასი ლარის სხვა სამაუწყებლო შემოსავალიც დაემატა. 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ყველაზე მკვეთრად 83%-ით კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა, კლება დაფიქსირდა სხვა მიმართულებებითაც.

ტვ იმედის სარეკლამო შემოსავალი

წყარო: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

დაახლოებით იგივეა მდგომარეობა კიდევ ერთი სანქცირებული ტელევიზიის პოსტივის შემთხვევაშიც.

პოსტივის სარეკლამო შემოსავალი

ლონდონმა “იმედი” და პოსტივი 2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისა და უკრაინაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებულად გავრცელება დასახელდა. დასაბუთებაში ეწერა: „ის თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებს და ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

სანქციების ძალით ტელევიზიებს საბანკო ოპერაციების წარმოება შეეზღუდათ. გართულდა მათთან კომერციული კონტრაქტების დადების შესაძლებლობაც.

სანქციებამდე 2 კვირით ადრე, იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ტელევიზია სიმბოლურ 1000 ლარად გაყიდა. ასევე სანქციებამდე ვიქტორ ჯაფარიძემ პოსტივის 52%-იანი წილი სამართავად სხვას გადასცა. წილები კიდევ ერთხელ ასევე სიმბოლურ ფასად ოქტომბერშიც გასხვისდა.

სარეკლამო შემოსავალი შეუმცირდათ სხვა ტელევიზიებსაც: ფორმულა, ტვ პირველი, პალიტრანიუსი… თუმცა ვარდნა 79% არც ერთ მათგანში არ ყოფილა.