სასამართლომ “დროას” წარმომადგენელი პიროტექნიკის გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

5 hours ago 3

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებულ რამდენიმე ეპიზოდში სამართალდამრღვევად მიიჩნია პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა.

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან. სიჭინავა დაჯარიმდა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის (ფეიერვერკის) გამოყენების ორი და “სახის დამფარავი საშუალების” ე.წ ბალაკლავის ტარების 6 შენთხვევის გამო, ჯამში 5000 ლარით.

“ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ კანონმდებლობის ფარგლებში”, - განაცხადა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, მეხუთე ნაწილი კი 2000 ლარით.

იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანდა სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდი, მარიამ სიჭინავას ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა 5000 ლარი.

სხდომის მსვლელიბისას ირაკლი აბშილავამ სამ სამოქალაქო აქტივისტს საპროტესტო შეძახილების გამო დაატოვებინა დარბაზი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატ როლანდ შონიას შუამდგომლობა სასამართლო პროცესის ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით. როლანდ შონიას განმარტებით, დაცვის მხარეს არ მიეცა დრო ყველა ეპიზოდის საქმის მასალებს გასცნობოდა.

მარიამ სიჭინავამ ასევე დასძინა, რომ სურდა სასამართლოს მის “უკანონო დაკავებასთან” დაკავშირებით გამოეკითხა მოწმეებიც, რისთვისაც ასევე საჭირო იყო დრო. მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ირაკლი აბშილავამ აღნიშნა, რომ საქმეები ერთგვაროვანია და ადგილზე შეიძლება გაცნობა. საამისოდ მან 15 წუთი საკმარისად მიიჩნია და ამ დროით შესვენება გამოაცხადა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა არც მისი აცილების შუამდგომლობა, შესაბამისი მიზეზის არსებობის გამო. მარიამ სიჭინავამ სასამართლოში განაცხადა, რომ არ აღიარებს “არალეგიტიმური პრეზიდენტის” ხელმოწერილ ე.წ კანონს და არ აპირებს მას დაემორჩილოს. მან უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს და აღნიშნა, რომ თავად მოსამართლეა გასათავისუფლებელი:

“თავისუფლება ირაკლი აბშილავას… თქვენ წარმოადგენთ უსამართლო სასამართლოს, კლანურ მმართველობას… რატომ არ ხართ აღელვებული ბატონო ირაკლი?, რატომ არ გაწუხებთ ქვეყნის ბედი?, ის რომ ამდენი ადამიანია დაკავებული?”, - უთხრა მოსამართლეს მარიამ სიჭინავამ.

მან სხდომათა დარბაზშიც გააჟღერა საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა - ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. “დროას” წარმომადგენელი არ აპირებს ჯარიმის გადახდას.

მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.

ზუგდიდის სასამართლომ 14 იანვარს აქციის კიდევ ორი მონაწილე, ცაბუნია ვართაგავა და კერენ ესებუა 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნეს “სახის დამფარავი საშუალების”, ე.წ. ბალაკლავის საპროტესტო აქციაზე ტარების გამო.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.

კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.

სრულად წაკითხვა