10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 11 პირს წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა, რომლებიც გასული წლის დეკემბერში, პარლამენტთან პროევროპული აქციის დროს დააკავეს. დაკავებულებს ბრალდებად საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ (საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე. ისინი პატიმრობაში მარტამდე დარჩებიან. ბრალდებულები, რომელთა საქმეებიც გაერთიანდა ერთ საქმეში, არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე, ასევე გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი კერაშვილი.
ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. დამსწრეები სკანდირებდნენ „მონებო“, „რუსებო!“. შემდეგი სასამართლო სხდომა 5 მარტს ჩაინიშნა.
პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, როდესაც გაფიცული თეატრის მუშაკები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ ანდრო ჭიჭინაძესთვის, ონისე ცხადაძესთვის და ცხრა სხვა დაკავებულისთვის.
სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატებმა დაკავებულების წინასწარი პატიმრობის გარეშე გათავისუფლება და ალტერნატივის სახით გირაო მოითხოვეს. თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოს 11-ვე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გაგრძელება სთხოვა.
პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, რაშიც ბრალდებულებს შეუძლიათ ხელის შეშლა გათავისუფლების შემთხვევაში.
დაკავებულთა ნაწილმა სასამართლოს მიმართა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „ჯგუფური ძალადობა? არ მესმის, რას ნიშნავს ამ ბრალდებაში „ჯგუფი“ ან „ძალადობა“. არცერთ ჯგუფს არ ვეკუთვნოდი და არც ძალადობაში ვყოფილვარ ჩართული. ეს კარგი და პატრიოტი ხალხი პირველად სასამართლოში ვნახე; მე არასოდეს მქონია ურთიერთობა მათთან. მე არ მქონია მიმოწერა, არც სატელეფონო ზარები, არც არაფერი რომელიმე ამ 50 დაკავებულ ადამიანთან.“
„ძალიან უცნაური პროცესია… ის მახსენებს ჯოზეფ კ.-ს, კაფკას პერსონაჟს, რომელიც სასამართლო პროცესს გადის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მის თავს. ეს რომანი გაურკვევლობაზეა. თავად წიგნი გაურკვევლობის განცდაზეა. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა ამ გრძნობის პრაქტიკაში გაცოცხლება და რატომღაც ასე მოხდა და საკმაოდ უცნაურია. ერთს დავამატებ: ჩვენ, როგორც ადამიანებს, გვაყალიბებს არა მხოლოდ ჩვენი წარსული, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ და წარმოვიდგენთ მომავალს“, – განაცხადა სხდომაზე სხვა ბრალდებულმა, ანდრო ჭიჭინაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/01/2025 – სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 | რეპრესიები გრძელდება: პოლიტიკური დათხოვნების შესახებ ბრალდებები მძაფრდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)