საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში მშვიდობისდამცველთა გაგზავნას განიხილავენ-მედია

1 week ago 6

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვარშავაში ვიზიტის დროს, ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად განიხილოს სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Politico და Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, ვარშავა და პარიზი განიხილავენ პოტენციურ 40 000-კაციან მისიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებისგან იქნება შემდგარი. გამოცემის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ევროკავშირის ქვეყნებიდან შეიძლება ჩავიდნენ სამხედროები უკრაინაში. სავარაუდო სამშვიდობო მისია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და შესაძლო დარღვევებს დააკვირდება.

ამავე დროს, პოლონეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Politico-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვარშავა გაოცებული იყო მაკრონის წინადადებით. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სამშვიდობო მისიების შექმნის საკითხები გაეროსა და ეუთოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ორი ქვეყნის პრეზიდენტების განხილვის დროს.

მანამდე მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის იდეა გამოთქვა. Rzeczpospolita ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, დიდი ალბათობით, სამშვიდობო მისიის იდეა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, გასულ შაბათს პარიზში განიხილა.

ზელენსკი მაკრონს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. მაკრონის წინადადების არსებობის შესახებ მან ორშაბათს ახსენა კიევში გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, CDU/CSU-ს ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.

ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მაკრონი ადრე არ გამორიცხავდა ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას.

სრულად წაკითხვა