საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2 weeks ago 6

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს და გმობენ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ:

„ვწუხვართ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში პოლიციის ოპერაციების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან“, - წერია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან, სწორედ "ქართული ოცნების" თანმიმდევრულმა ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და, შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.

„ჩვენ ამ საკითხს მოვაქცევთ მომავალი საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და გარდა ამისა, განვიხილავთ "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგებს ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე“, - წერია 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცხრა ღამეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

სრულად წაკითხვა