საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს 25 წლის საბა ციმინტია, ის მეგობრის სასამართლო სხდომაზე იყო მისული

2 weeks ago 11

მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის წინ (18:41) სამართალდამცავებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 25 წლის საბა ციმინტია, რომელიც მეგობრის, პროევროპულ აქციებზე, ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ლუკა ჯაბუას სასამართლოს სხდომაზე იყო მისული.

საბა ციმინტიას ახლობლებისთვის, ამ დრომდე, უცნობია მისი დაკავების მიზეზი.

როგორც მისი მეგოვარი უყვება რადიო თავისუფლებას, საბა ციმინტია სასამართლოს შენობიდან სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას გამოვიდა და მეგობრებთან ერთად სასამართლოსთან მდებარე მაღაზიაში გავიდა:

„სასამართლოზე ლუკა ჯაბუას ოთხი მეგობარი ვიყავით. შესვენებაზე მაღაზიაში გავედით, ყავა ვიყიდეთ. საბამ მითხრა, მეორე მაღაზიაშიც შევირბენ და დაგეწევითო, მაგრამ გავიდა რამდენიმე ხანი და არ გამოჩნდა. დავიწყეთ რეკვა მის ტელეფონზე, თუმცა, აღარ გვპასუხობდა. ბოლოს ტელეფონი საერთოდ გაითიშა.

შემდეგ გვითხრეს, რომ არსებობს რაღაც სია, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებია აკავებენ ადამიანებს. ამ სიაში იყო ლუკა ჯაბუაც. ვნახეთ ეს სია და მასში აღმოვაჩინეთ საბაც. ასე მივხვდით, რომ დაკავებული იყო.

მაშინვე გავიქეცით იმ მაღაზიისკენ, სადაც საბა დავტოვეთ და პირადად მე მოვითხოვე გარე-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ნახვა. ჩანაწერებში ვნახეთ, როგორ მიჰყავს საბა რამდენიმე ადამიანს“, - უყვება რადიო თავისუფლებას მარიამ ყიფიანი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის საბა ციმინტია გულუას 8 ნომერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი.

„აქციებზე აქტიურად დავდიოდით, მაგრამ ძირითადად ვიდექით უკანა რიგებში, ოპერის მიდამოებში. ძირითადად ვცდილობდით ხოლმე, რომ დაშავებულ ადამიანებს დავხმარებოდით, გვქონდა ფიზიოლოგიური ხსნარები, წყალი, ყოველ ღამე დაახლოებით 15 დაშავებული მიგვყავდა ხოლმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან.

არ გავსულვართ, მაგალითად, ჭიჭინაძის ქუჩისკენ, იქ სადაც ცრემლმდენი აირის დიდი კონცენტრაცია იყო ხოლმე, რადგან ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობაც კი არ გვქონდა. საერთოდ ლაპარაკი არ არის არანაირ ძალადობასა და სამართალდამცავებთან შეხებაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ყიფიანი.

ინფორმაცია ე.წ. სიაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, დასაკავებელ პირთა ვინაობებია აღნუსხული, 6 დეკემბერს გაავრცელა ჟურნალისტმა და ფოტორეპორტიორმა, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელმა მარიამ ნიკურაძემ.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნახა სია, იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრებიც.

საბა ციმინტიას მეგობარს, ლუკა ჯაბუასა და მასთან ერთად კიდევ 5 პირს, 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.

მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.

მეათე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

სრულად წაკითხვა