WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

30 ოქტომბერს თბილისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი თანათავმჯდომარეობდნენ, ვაჭრობაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ინფრასტრუქტურასა და „შუა დერეფანთან“ დაკავშირებულ პროექტებზე გამახვილდა ყურადღება. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ საერთო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე, მათ შორის ისტორიული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. გარდა ამისა, მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“ – „იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

კობახიძემ ალი ასადოვთან ცალკე შეხვედრაც გამართა. საუბარი შეეხო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობას, ასევე „შუა დერეფნის პერსპექტივებსა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში“.

This post is also available in: English