საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 days ago 6

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირის ანტმანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ანტმანი საქართველოს ნაკრებში 2026 წლის ჩათვლით იმუშავებს.

ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 18 მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო. ირის ანტმანთან ერთად საქართველოს ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში.

2025 წელს, საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები კვიპროსი, მალტა და ანდორა იქნებიან.

"როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მსურდა შემექმნა გუნდი, რომელიც იქნებოდა თავდაჯერებული, ფეხბურთელებს კი ეყვარებოდათ საკუთარი საქმე და ბედნიერები იქნებოდნენ ქვეყნის სახელით თამაშით. რაც მთავარია, ფეხბურთელებს ჰქონდათ რწმენა ამ პროცესის დროს. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად.

როგორც წელს ვნახეთ, გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ როგორც პირადი, ისე გუნდური მიზნები. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ავისრულებთ ოცნებას. გვსურს, რომ B ლიგაში დავწინაურდეთ, ვიყოთ საუკეთესო გუნდი ჩვენს ჯგუფში. ეს რთული იქნება, რადგან ერთა ლიგას თებერვალში ვიწყებთ. აქამდე არასდროს გვითამაშია ოფიციალური მატჩები წლის ამ პერიოდში, როდესაც ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. თუმცა, აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ჩემი ფეხბურთელები, ვენდობი და მჯერა მათი შესაძლებლობების"

- ამბობს ანტმანი.

"ძალიან წარმატებული წელი გვქონდა, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ფეხბურთში. ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური სპორტული პრინციპით. პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ქალთა ნაკრებმა, რაც დიდი წარმატებაა. წარმატებული სეზონი ჰქონდათ ქალთა ასაკობრივ ნაკრებებს.

მიხარია, რომ მოვახერხეთ და სამივე ნაკრებში შევინარჩუნეთ მთავარი მწვრთნელები. გზა, რომელსაც ერთად გავდივართ წარმატებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი გზა გველის. ირის ანტმანი საოცარი სამუშაოს ატარებს. ქალთა ნაკრები სხვა ეტაპზე გადაიყვანა და ძალიან პროფესიონალური გუნდი ჩამოაყალიბა. უდიდესი სიამოვნებაა მათი ყურება ვარჯიშებზე და თამაშებზე. 2025 წელს, ჩვენი მიზანი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების მოპოვებაა"

- სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.

სრულად წაკითხვა