„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაშია და მოუწოდა ივანიშვილის „სისხლიანი რეჟიმის პროპაგანდისტული საყრდენის“, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს, ხალხის მხარეს დადგნენ.
ამის შესახებ გია ჯაფარიძემ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გრძელდება „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია. გუშინ, პარიზში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალი, სადაც არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ მიწვეული არ იყო. იქ იმყოფებოდა ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის ტყუილები, რომელსაც ასაღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, ასევე, აღმოჩნდა, რომ ტყუილია. არჩეული პრეზიდენტი ტრამპი უკვე უკავშირდება რეგიონის ლიდერებს. ის უკვე ელაპარაკა ტელეფონით რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერს. არანაირი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ პრეზიდენტ ტრამპს არ ჰქონია.
გია ჯაფარიძე გამოეხმაურა პროტესტის მეათე დღეს განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ თავდასხმებს „ქართული ოცნების“ ძალოვანი სტრუქტურებისა და მათთან სავარაუდოდ დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი დაჯგუფებების მიერ.
„ის, რაც ხდება საქართველოში, არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ამ მედალს ორი მხარე აქვს, მედლის ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ივანიშვილი, მაგრამ ამ მედალს აქვს მეორე მხარეც. ეს მეორე მხარე არის ის პროპაგანდისტული მანქანა, რაზეც ეს რეჟიმი დგას. ამ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის ტელევიზია „იმედი“, რომელიც გუშინაც კი, როცა ქართველ ჟურნალისტებს იყო თავდასხმა და მათ სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ეს ტელეკომპანია და პროპაგანდისტული მანქანის სხვა ჭანჭიკები აგრძელებდნენ ურცხვად, იმ ტყუილისა და რუსული პროპაგანდის გაყიდვას, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ჟურნალისტებს, მათ შორის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პროპაგანდისტულ მედიაში არიან დასაქმებულები, დადგნენ საქართველოს მოქალაქეების გვერდით“, — აცხადებს გია ჯაფარიძე.
მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
მეთერთმეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.