საქართველოში პროტესტი გრძელდება - კობახიძე ამბობს, რომ „ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება“

2 weeks ago 12

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია კვლავ განახლდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე გამოსვლებს რევოლუციის მცდელობად აფასებს.

„საქართველოში ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება“, - ამბობს კობახიძე და განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას, შეარყიოს „საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი."

„4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფრისთვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი პატრონის დავალებას ვერ გაცდებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა ჰქვია. გასაგებია, რაზეც გვაქვს საუბარი”, - თქვა ირაკლი კობახიძემ და მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და რიგით პოლიციელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, საქართველოში, შეცდომაშია შეყვანილი და აცხადებს, რომ მზად არის მათთან დისკუსიისთვის. აქვე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში “წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემაა."

„კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საპასუხო რეაქცია

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ კობახიძის მუქარის მიუხედავად, ისინი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პროტესტს გააგრძელებენ. “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი მზად არიან ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია შედგება თუ არა ამ სახის სატელევიზიო ეთერი.

აქცია და დაშავებულები

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ათობით ადამიანია დაშავებული. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, 24 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. წინა დღეებში დაშავებული ადამიანების ნაწილი საავადმყოფოებში აგრძელებს მკურნალობას, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს.

დაშავებულთა შორის არიან ტელეწამყვანები და ოპერატორები, მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული. სულ რამდენი ადამიანი დაშავდა, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

დაშავებულების შესახებ საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, 12 პოლიციელი დაშავდა და მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

"პირველი მერცხალი"

მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის შინაგან საქმთა სამინისტროს, უწყება დატოვა გიორგი გაბეხაძემ. ის სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორია.

"დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან", - წერს გაბეხაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

"შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანმდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის მიერ სისტემიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

ლარის კურსი

საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარია, 1 ევრო კი 2.9967 ლარია.

სრულად წაკითხვა