საქართველო გაფართოების შესახებ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნებში

4 days ago 3

გაფართოების შესახებ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნებში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „სრული და ცალსახა ერთგულება ბალკანეთის, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც დე-ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“. საბჭომ გაიმეორა „ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ“ და მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე. მან სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

დასკვნებში ხაზგასმულია, რომ „იმ ღირებულებების პატივისცემა და ხელშეწყობა, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულება კვლავაც არსებითია ყველა პარტნიორისთვის, ვინც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“. საბჭო ასევე უსვამს ხაზს „მდგრადი“ და „შეუქცევადი“ რეფორმების განხორციელებისს საჭიროებას ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ძირითადი უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, საჯარო ადმინისტრირება და სხვა.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, თუმცა გამოხატავს ევროკავშირის „სერიოზულ შეშფოთებას“ ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებთან, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ და იმ სხვა კანონების მიღებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს „უკუსვლას იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ განსაზღვრა“.

საბჭომ მკაცრად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „პატივი უნდა სცეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან“. დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა ძალადობის ყველა შემთხვევის გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, მათ შორის შეასრულოს გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკაციაში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი.

„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც ლგბტი პირთა უფლებები“, – ნათქვამია დოკუმენტში. „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს“.

საბჭომ ასევე „სერიოზული შეშფოთებით“ აღნიშნა ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნები, „რომლებიც მიუთითებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა რიგი ხარვეზებითა და დაძაბული და უაღრესად პოლარიზებული გარემოთი“.

საბჭომ კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს გამოიძიოს და მოაგვაროს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, შეასრულოს ეს და ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს ორგანოების რეკომენდაციები, განახორციელოს საარჩევნო რეფორმა, რომელიც ასევე ცხრა ნაბიჯის ნაწილია.

საბჭომ ასევე აღნიშნა სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობა, ევროკავშირის სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების განხორციელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საბჭომ მომზადების ზომიერი დონე და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში შეზღუდული პროგრესი აღნიშნა.

საბჭო მიესალმა ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას და მოუწოდა საქართველოს გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და განახორციელოს სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით, თავშესაფრის მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებითა და ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და განცხადებებისგან და გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის აღკვეთაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა