სახალხო დამცველის მიერ მონახულებული დაკავებულების 80% ამბობს, რომ ნაცემია

2 weeks ago 15

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ მონახულებული 156 დაკავებულიდან 124 აცხადებს, რომ ნაცემია.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.

თავად სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 30 ნოემბერს დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა და თქვა, რომ რაც ნახა სიმხეცეა.

„ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება არ აქვს“, — განაცხადა იოსელიანმა.

საიას ცნობით, 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შევიდა 200-ზე მეტი დაკავების შესახებ ინფორმაცია. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება. არასამთავრობოები მიუთითებენ პირადი ნივთების მიზანმიმართულ ჩამორთმევაზე, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტებზე.

„სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია“, — აცხადებს საია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ აქციებზე ადმინისტრაციული წესით 224 ადამიანი დააკავეს.

შსს ამბობს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

„რაც ვნახე, სიმხეცეა“ — იოსელიანის თქმით, მომიტინგეებს დაზიანებები აღენიშნებათ

სრულად წაკითხვა