საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების, მათ შორის სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველის აპარატმა 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია განცხადებაში აღწერილი „სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ“.
სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.
9 ნოემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ღარიბაშვილმა სხდომების დახურვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მას სურდა საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება მის მიმართ განხორციელებული „პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ“.
„სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას“, – განაცხადა მან. „ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა“.
მისი თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება „შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი“.
ღარიბაშვილის თქმით, დახურულ სხდომაზე მან მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული „ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის“ შესახებ, რომელიც მოიცავს „ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას“, რაც, მისი თქმით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ დარღვევას.
This post is also available in:
civil ახალი ამბები