“სახეზეა წამება მოსახლეობის წინააღმდეგ” – საია

2 weeks ago 10

სახეზეა წამება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემატიური თავდასხმების სახით – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში  უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებას და 2024 წლის 28 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების ღიად გაცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

2024 წლის 28 ნოემბრის საღამოსვე სპონტანური აქციების მიმდინარეობის დროს შესამჩნევი გახდა სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს ათასობით მოქალაქის მიმართ კოორდინირებული რეპრესიული მექანიზმების გამოყენება. უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ადგილი აქვს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დარბევას, რაც, არა საპოლიციო ღონისძიება, არამედ, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, არის ორგანიზებული დანაშაული. ამ ფაქტებთან კავშირში აქტიურად გამოიყენება, თვითნებური დაკავების პრაქტიკა და მიზანმიმართული დევნა. არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, არ აძლევენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკ მოპყრობას და მიზანმიმართულ თავდასხმას დაექვემდებარნენ ქალები, არასრულწლოვნები და  შშმ პირები.

მომიტინგეებთან ერთად სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებიც. მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დამიზნებით გამოიყენება აქტიური სპეციალური საშუალებები, ფიზიკური ძალადობა, და, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს, არა მარტო, მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, სადამსჯელო რაზმების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის უკანონო და ძალადობრივი დარბევა.

ამ ყოველივეს პარალელურ რეჟიმში ემატება საგამოძიებო მექანიზმების უმოქმედობა, საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება; სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ შსს დაქვემდებარებაში არსებული სადამსჯელო  ძალების  წახალისება და შექება; უწყვეტი სამთავრობო პროპაგანდა, ანტიდასავლური იდეოლოგიის გავრცელება და აქციის მონაწილეების დემონიზირება;  

მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა აღწევდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემატიური თავდასხმების სახით. ასევე ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას ან/და მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს. პირიქით, გვაქვს საფუძვლები ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები პირდაპირ არიან კოორდინირებულად ჩართულნი ხსენებული დანაშაულის ჩადენაში,  ამას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი წამების კადრებისა, უარს ამბობს განმასხვავებელი ნიშნით შეკრება მანიფესტაციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების აღრიცხვაზე;

დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არ მომხდარა არცერთი პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცრება; დღემდე საზოგადოებას არ აქვს ჯეროვანი ინფორმაცია რა შინაარსობრივი სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა ხსენებული უწყების მიერ; დღემდე არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პოლიციელის  მიმართ, რომელმაც იძალადა მომიტინგეებზე ან/და ჟურნალისტებზე;

სასამართლოები იღებენ შაბლონურ გადაწყვეტილებებს, ყოველგვარი ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე და ადმინისტრაციული სახდელებით სჯიან უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებსა და წამების მსხვერპლებს.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, საია განიხილავს როგორც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე, სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.”  – წერია საიას განცხადებაში. 

სრულად წაკითხვა