სახელმწიფო დუმამ "უცხოეთის აგენტებს" ქირით მიღებული შემოსავლის განკარგვაც აუკრძალა

5 days ago 5

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც „უცხოეთის აგენტებს“ უკრძალავს თავიანთი შემოსავლის ნაწილის განკარგვას.

ახლა რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად აღიარებულ პირებს მოეთხოვებათ სპეციალური რუბლის ანგარიშის გახსნა. მასზე ჩაირიცხება შემოსავალი ქონების რეალიზაციიდან და გაქირავებიდან, დეპოზიტებიდან და აქციებიდან, ასევე ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებიდან და ბრენდებით სარგებლობიდან.

მიღებული თანხების განკარგვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეესტრიდან „უცხოეთის აგენტების“ ამორიცხვის შემდეგ, რაც იშვიათობაა. კანონის მიღების კომენტირებისას, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი წერდა, რომ „ისინი, ვინც რუსეთს უღალატა, არ გამდიდრდებიან მისი მოქალაქეების ხარჯზე“.

რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ის, ვინც იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ“, რისი განმარტებაც კანონში ძალიან ბუნდოვანია. ახლა რეესტრში 600-ზე მეტი „უცხოეთის აგენტია“: ფიზიკური პირები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

უცხოეთის აგენტის სტატუსი, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს, რომ სტატუსის მქონე ვალდებულია კვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია პირად ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ და მოახდინოს ყველა საჯარო შეტყობინების მარკირება. ანგარიშში შეცდომები ან მარკირების არარსებობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

„უცხოეთის აგენტები“ არ შეიძლება იყვნენ არჩეული, იყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები და არჩევნების დამკვირვებლები, ასწავლონ სამთავრობო დაწესებულებებში, იყვნენ საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორები, მათ არა აქვთ ჯარში კონტრაქტით სამსახურის უფლება. რუსეთის ხელისუფლება მუშაობს „უცხოეთის აგენტების“ უფლებების ახალ შეზღუდვებზე.

სრულად წაკითხვა