საჯარო სექტორში დასაქმებულები გმობენ "პროტესტის არაპროპორციულ დარბევას"

2 weeks ago 12

საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერევასთან დაკავშირებით და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას".

"ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სამასამდე თანამშრომელი აწერს ხელს.

3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

28 ნომებრიდან მოყოლებული, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

სრულად წაკითხვა