WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსთავის N6 საპატიმროს ბადრაგმა გიორგი ვარაბიოვმა, რომელიც, მედიის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლებს შორის იყო, რომელთაც პატიმარ გიორგი დავითაძეზე სექსუალურად იძალადეს, სამსახური დატოვა. ეს ინფორმაცია უწყებამ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

22 წლის ვარაბიოვმა სამსახური რამდენიმე თვის წინ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და მიზეზები არ გაუსაჯაროვებია, განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. მოგვიანებით, უწყებამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დაუზუსტა, რომ ვარაბიოვმა 2026 მარტში დატოვა სამსახური.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვარაბიოვი ის ზედამხედველია, რომელსაც რეზინის ხელთათმანები უკეთია დეესკალაციის საკანში გადაღებულ კადრებში. პატიმარ დავითაძის განცხადებით, სწორედ ამ სივრცეში განხორციელდა მასზე სექსუალური ძალადობა.

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის ავთანდილ დავითაძის 36 წლის ვაჟმა, გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ ციხის ბადრაგმა მასზე დეესკალაციის საკანში სექსუალურად იძალადა. მას შემდეგ, რაც დავითაძემ ეს ბრალდებები სასამართლოში გააჟღერა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბრის, სავარაუდო ძალადობის დღის ვიდეომასალა გაასაჯაროვა და პატიმრის ბრალდებებს „სრული სიცრუე“ უწოდა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ზედამხედველები პატიმარს საწოლზე; არის მომენტები, როდესაც მათი განლაგების გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა პროცედურები უტარდებოდა პატიმარს. ჩანს, რომ სულ მცირე ერთ ზედამხედველს, სავარაუდოდ ვარაბიოვს, ხელზე რეზინის ხელთათმანი უკეთია.

დავითაძის ბრალდებებს 4 ოქტომბერს გვიან ღამით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მოყვა, რომლის თანახმადაც, დავითაძემ ზედამხედველის თანდასწრებით „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“. უწყების ინფორმაციით, მას შესთავაზეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან უარი განაცხადა.

პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამი პატიმარი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისა და პროტესტის გამო დაისაჯა. უწყების განცხადებით, „მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა  მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ სამივე პატიმარს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ დავითაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. მისი თქმით, „მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“.

This post is also available in: English