WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნედლი ნავთობის იმპორტში, 2026 წლის სექტემბერში რუსეთი მთლიანად ლიბიამ ჩაანაცვლა, გადამუშავებულ ნავთობში კი #1 საექსპორტო პარტნიორი სირია გახდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირეა. 2025 წლის ბოლომდე არც ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა არსებობდა. ნედლი ნავთობის იმპორტი მცირე პარტიებით ხორციელდებოდა და ისიც რეექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. რეექსპორტს წარმოადგენდა ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.

ყველაფერი 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შეიცვალა, როდესაც ყულევის ნავთობგადამამუშვებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა და ნავთობპროდუქტების აფრიკის ქვეყნებში გაყიდვა დაიწყო.

რამდენიმე თვე ნავთობპროდუქტები ძირითადად ტოგოში იყიდებოდა, აგვისტოში ახალი საექსპორტო პარტნიორი კოტ-დივუარი გახდა, სექტემბერში კი სირია.

ნავთობპროდუქტების ექსპორტი 01.2026-09.2026 (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ნავთობპროდუქტების ექსპორტში პირველი ათეულიდან 5 სახელმწიფო აფრიკაში მდებარეობს. ტოგოში, სენეგალსა და კოტ-დივუარში 2026 წლის პირველ სამ კვარტალში ჯამურმა ექსპორტმა $242 მლნ შეადგინა, 1995-2025 წლეში კი მხოლოდ $5 მლნ. 2026 წლამდე ექსპორტი მცირე იყო ლიბიასა და ალჟირშიც.

ნედლი ნავთობის იმპორტში სექტემბრამდე რუსეთი 95%-იანი წილით უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებდა. იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთისგან $269 მლნ-ის და ყაზახეთისგან $14 მლნ-ის ღირებულების იმპორტი განახორციელა.

იანვარ-აგვისტოში ნედლი ნავთობის იმპორტი საშუალოდ თვეში $35 მლნ-ს შეადგენდა, მაქსიმუმს, $69 მლნ-იან მაჩვენებელს მარტში მიაღწია, სექტემბერში კი მკვეთრად $144 მლნ-მდე გაიზარდა. ნედლი ნავთობი ამჯერად მთლიანად ლიბიიდან შემოვიდა.

ნავთობპროდუქტების ექსპორტი ეკონომიკურის გარდა პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთისგან სანქციების არიდებაში დახმარებას ედავებოდნენ. 2026 წლის ივლისში ევროკავშირმა XXI სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც შეიყვანა, მიზეზად რუსული წარმოების ნედლი ნავთობის შესყიდვა და გადამუშავება დასახელდა. თუმცა ქარხნის მიმართ სანქციების რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა. ევროკავშირის განცხადებით, სანქციები იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ქარხანა რუსული ნავთობით ოპერირებას გააგრძელებს. ქარხანას რუსულ ნავთობზე უარის სათქმელად 6-თვიანი ვადა აქვს.

ივლისში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელმა „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის გადამუშავება აგვისტო-სექტემბრიდან შეწყდებოდა.

ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა — „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს – შპს „დუნამის“. თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.

28 აგვისტოს ქარხანამ განაცხადა, რომ ლიბიური ნავთობი მიიღო, “ბლექ სი პეტროლიუმის” (BSP)-ის განმარტებით რუსული ნავთობის მიღება მათ 24 აგვისტოდან შეწყვიტეს.

იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1200%-ით $63-დან $812 მლნ-მდე  გაიზარდა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მეორე ადგილი დაიკავა. იმავე პერიოდში, ნედლი ნავთობის იმპორტის ზრდის ტემპმა კი 37 000%-ს მიაღწია $1.1 მლნ-დან $427 მლნ-მდე.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. თავად ნედლი ნავთობის, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების გაძვირების გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის ღირებულება რეკორდულადაა გაძვირებული. საქართველოში ყველაზე იაფიანი რეგულარის ტიპის ბენზინის საფასური ₾4 აჭარბებს, პრემიუმის ₾4.30-ს და სუპერის ₾4.60-ს. დიზელი კიდევ უფრო მეტადაა გაძვირებული და მისი ღირებულება ₾5-იან ნიშნულსაც გადასცდა.