"სირთულეები ვერ დაგაბრკოლებს თუ გულს მიჰყვები" | ინტერვიუ მაიკო ბებიასთან

2 days ago 3

Geogoalwise-მ საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელთან, მაიკო ბებიასთან საინტერესო და ემოციური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ყველაზე საინტერესო ისტორიები ადამიანის თვალს მიღმა მომენტებში იწყება. იქ სადაც ყურადღების დეფიციტია და არც დიდ ამბებს ელიან, თუმცა სწორედ ასეთ დროს იბადება იმპულსი, რომელიც დიდი ცვლილებების საწყისია.

მაიკო ბებია ძალიან საინტერესო საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი გმირია, რომელიც საკუთარი თავის და ქალთა სპორტის განვითარებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. 21 წლის ნახევარმცველი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ბავშვობიდანაა და თამაშიც ადრეული ასაკიდან დაიწყო.

"ფეხბურთის თამაში უბანში ჩემს ძმასთან და მეგობართან ერთად დავიწყე. მამაჩემი ხშირად უყურებდა ფეხბურთს, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, დაახლოებით 7 წლის, როცა თამაში დავიწყე. ვუყურებდი ჩემს ძმასა და მის მეგობარს, როგორ სიამოვნებით თამაშობდნენ და ამის გამო მეც ძალიან მინდოდა მეცადა. ასევე, ჩემი ოჯახი ყველანაირად გვერდში მედგა და ხელს მიწყობდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. ის ფაქტი, რომ გოგო ვიყავი, ჩემი მშობლებისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა ასეთი მშობლები რომ მყავს. რაც შეეხება სკოლას, თბილისში გადმოსვლამდე სიარულზე პრობლემა არ მქონია. თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისში სათამაშოდ გადმოვედი, სკოლაში სიარული ძალიან მიჭირდა დროის არქონის გამო. ამის მიუხედავად, სკოლამ ყველანაირად ხელი შემიწყო, რის გამოც ძალიან მადლობელი ვარ."

მაიკოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პირველ მწვრთნელს, პაატა ჯალაღონიას, რომელიც მაიკოს ეხმარობოდა როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ზრდაშიც.

"პაატა ჯალაღონიამ მასწავლა ფეხბურთის თამაში და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე ამდენს მივაღწიე. მახსოვს, როგორ განსაკუთრებულად მექცეოდნენ, განსაკუთრებით პაატა მასწავლებელი. მინდა, ისეთი წარმატებული ფეხბურთელი გავხდე, რომ ჩემით იამაყოს. ძალიან მიყვარს და მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები." — იხსენებს ის.

"ეზოში ფეხბურთის თამაშისას მესისა და რონალდოს მაისურებში გამოირეოდა ერთი რუნის წითელ მაისურიანი გოგონა, რომელიც ამაყად ატარებდა მას. მისი თქმით მამამ იქონია უდიდესი გავლენა მაიკოს, როგორც მანჩესტერის ფანის ჩამოყალიბებაში: ,,მამა ხშირად უყურებდა მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს, რადგან ის მათი გულშემატკივარია, ისევე როგორც მე. სწორედ ასე გავიგე რუნის შესახებ. როცა მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი, ის ყოველთვის გამორჩეული იყო. მას გააჩნდა ‘ჟილკ’ა და მებრძოლი ხასიათი, რაც ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემთვის. არასდროს ნებდებოდა და ეს მას განსაკუთრებულს ხდიდა, ზოგადადაც და ჩემს თვალშიც. ყოველთვის მინდოდა, რომ მისნაირი ფეხბურთელი გამოვსულიყავი."

უბნის მოედნიდან პროფესიულ ფეხბურთამდე დიდი და რთული გზა გაიარა, თავდაპირველად 9 წლის მაიკო ბიჭების გუნდში 13 წლამდე თამაშობდა. კოკაკოლას სკოლის ჩემპიონატზე გოგონების გუნდში თამაშის შემდეგ კი 17 წლამდე გოგონათა ნაკრებში გამოიძახეს. ეროვნული ნაკრების შემდეგ კი თამაში ,,თბილისის თბილისში’’ გააგრძელა. 6 თვის შემდეგ ნორჩ დინამოში გადავიდა, 1 სეზონში ორ სხვადასხვა კლუბში მოუწია თამაში, შემდეგ კი "თბილისის ნიკეში" გადავიდა, სადაც 6–7 წელი ითამაშა.

ქალის საფეხბურთო კარიერაში ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად მრავლობს სტერეოტიპული დაბრკოლებებიც, თუმცა მაიკოს თქმით მას მგსავსი პრობლემები არ ჰქონია.

"ქალთა ფეხბურთში სქესობრივ სტერეოტიპები ყველაზე დიდი წინაღობაა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მსგავსი პრობლემა არ გამომიცდია, ვიცი, რომ ბევრ ქალ ფეხბურთელს მოუწია ამის გადალახვა. ეს სტერეოტიპები მათთვის ხშირად დიდი დაბრკოლებაა და გულდასაწყვეტია, რომ საზოგადოების ნაწილი ამგვარ შეხედულებებს მაინც ინარჩუნებს. ზოგადად მგონია, რომ ეს სტერეოტიპი ძალიან რთულად გაქრება, თუმცა ერთადერთი გზა მის დასაძლევად უფრო დიდი მხარდაჭერაა, როგორც სპორტული, ისე სოციალური თვალსაზრისით. ასევე, აღვნიშნავ, რომ ქალთა ფეხბურთში დიდი პრობლემას წარმოადგენს რესურსებისა და ფინანსების ნაკლებობა. უამრავი რამ არის დამოკიდებული ქმედით ან ორგანიზაციულ მხარდაჭერაზე და ამის გამო ქალთა ფეხბურთს უჭირს განვითარება. ვფიქრობ, რომ მეტი ჩართულობა, მეტი ინვესტიცია და დაინტერესება აუცილებელია, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას."

მაიკოსთვის ძალიან დიდი ძალა მოაქვს ოჯახის მხარდაჭერას და ამ უდიდესი მოტივაციით უნდდა რომ მათთვის მიაღწიოს იმ ოცნებებსა თუ მიზნებს, რომლებიც გულში აქვთ.

"მათ ყველაფერი ჩადეს იმაში, რომ მე ფეხბურთი მეთამაშა. ყოველთვის ყველანაირად ჩემს გვერდით იდგნენ და მსურს, რომ ეს ყველაფერი დავუფასო. იმედი მაქვს რომ ოდესმე მანჩესტერის წითელ მაისურს მოვირგებ და ამ გზით დავუფასებ ყველა იმ ადამიანს ღვაწლს და შრომას, რომელიც ჩემთვის გაიღეს. მანჩესტერში თამაშის სურვილმა დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა და მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის მაისურს მოვირგებ. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციო."

მაიკოს პატარა გოგონებისთვისაც ინსპირაციაა და მაგალითი, რომ არაფერია შეუძლებელი . მას სურს, რომ მისი კარიერით ხელი შეუწყოს ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, რათა უფრო მეტი გოგონა დაკავდეს სპორტით და ფეხბურთის თამაში ნებისმიერი გოგოსთვის შესაძლებელი გახდეს.

"სირთულეები ყოველთვის იჩენს თავს, მაგრამ ნუ გეშინიათ. მოუსმინეთ თქვენს გულებს და აკეთეთ ის, რაც გიყვართ. არ უნდა შევეგუოთ სტერეოტიპებს, მათი დამსხვრევა შეიძლება, თუ საკუთარ თავში რწმენას ვიპოვით. არასდროს მისცეთ შიშს უფლება დაგამარცხოთ ან თქვენს ოცნებებს ხელი შეუშალოს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა და მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ როგორ უნდა ვიცხოვროთ."

მაიკო ბებიას ისტორია გვიჩვენებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს არის შრომის, მონდომებისა და ოცნებების ახდენის გზა. იგი ამტკიცებს იმას რომ სირთულეები ვერ დაგაბრკოლებს თუ შენს გულს მიჰყვები. მაიკოს მონდომება, მისი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება ოჯახისა და ფეხბურთის მიმართ და ქალთა ფეხბურთის განვითარების სურვილი გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვებები მხოლოდ მოედანზე არ ხდება — ისინი ცხოვრებაში იწყება. როგორც თავად მაიკო ამბობს:

"ეს ჩვენი ცხოვრებაა და მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ."

- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა