მიხეილ ხაჩიძე
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა, რადგან პუტინს აღარ შეეძლო მისი დაცვა და მას მოუწოდა ამ მომენტის გამოყენება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად.
ზოგიერთი ცნობით, ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაქცევის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თეირანში კი გლოვობენ სირიასა და ლიბანში „მიღწევების“ დაკარგვას.
8 დეკემბერს დილით, მას შემდეგ, რაც აჯანყებულები დამასკოში უბრძოლველად შევიდნენ, სირიის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალი დააკავეს და გაურკვეველ მიმართულებით გადაიყვანეს. მანამდე ჩინოვნიკმა ტელეარხ Aლ- Al-Arabiya -სთვის (ალ-არაბია) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებდა ამბოხებულ ოპოზიციონერ ლიდერებთან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცედურის განხილვას.
აღსანიშნავია, რომ ბაშარ ალ ასადის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. გამთენიისას სირიელი დიქტატორის თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა, თუმცა მოგვიანებით რადარებიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ასადის ოჯახმა სირიის დედაქალაქი ერთი-ორი დღით ადრე დატოვა. პრეზიდენტის ძმა, მაჰერ ასადი, სირიის არმიის მე-4 დივიზიის მეთაური, სავარაუდოდ, ლატაკიის სანაპირო რეგიონში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ გაპარვას აპირებს.
„როიტერსის“ წყაროების ცნობით, დიდი ალბათობით, ასადის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოვარდა. ოპოზიციურმა ჯგუფმა, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ (SORH) განაცხადა, რომ სირიის არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი დატოვეს და ყველა ფრენა გაუქმდა.
ამავდროულად, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში „Truth Social“ პროცესებს ასე გამოეხმაურა: „ასადი აღარ არის, მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, არ იყო დაინტერესებული მის დაცვაში. რუსეთმა დაკარგა ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო და არ შეიძლება გაგრძელდეს. ახლა რუსეთი და ირანი დასუსტებულ მდგომარეობაში არიან: პირველი _ უკრაინისა და სუსტი ეკონომიკის გამო, მეორე _ ისრაელისა და მისი წარმატების გამო“.
რუსეთისა და ირანის კრახი!
დილით მეამბოხეები შევიდნენ ასადის დამასკოს საპრეზიდენტო სასახლეში, სადაც ჩამოხიეს და გაანადგურეს ჰეზბოლას ლიდერ ჰასან ნასრალასა და ირანის სპეცრაზმის „ყუდსის“ ძალების ყოფილი მეთაურის, ქასემ სოლეიმანის პორტრეტები. ხალხმა დაიტაცა ასადის ქონება, ტანსაცმელი, ჭურჭლეული თუ ფული.
შემდეგ ათეულმა ადამიანმა დაარბია ირანის საელჩო. დამასკოს ცენტრში ხალხმა ჩამოაგდო ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის ქანდაკება, რომელიც სიმბოლოა ასადის ოჯახის 54-წლიანი მმართველობისა.
სირიიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყანაში რუსული ჯგუფის სარდლობამ გასცა ბრძანება ევაკუაციის დაწყებისა, იმის შიშით, რომ შეიარაღებული ოპოზიციის ქვედანაყოფები სწრაფად მიიწევდნენ წინ.
ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს რუსული არმიის სამხედრო კოლონა სირიის გზებზე. სავარაუდოდ, საუბარია მოწინავე შ-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაზიდვაზე, რომელიც სირიის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
ასადის რეჟიმის დამხობა სერიოზული დარტყმაა ირანისთვის, რომელმაც დაკარგა „ჰეზბოლას“ იარაღის მიწოდების მთავარი გზა ლიბანში და ისრაელის საზღვართან (სირიაში) მოქმედების შესაძლებლობა. ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სირიაში შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, სირიის ოპოზიციური ძალების ხელმძღვანელობამ დამასკოში დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა. მან ასევე მოუწოდა ემიგრაციაში მცხოვრებ ყველა სირიელს სამშობლოში დაბრუნებისკენ. ასიათასობით სირიის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა სამოქალაქო ომისა და მმართველი ხელისუფლების მიერ რეპრესიების წლებში. უმეტესობა გადავიდა მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში. თუმცა ევროპის ქვეყნებში სირიელი ლტოლვილიც ბევრია. ახლა ევროპის მთავრობებს მოუწევთ გადაწყვიტონ, როგორ წაახალისონ მათი სამშობლოში _ სირიაში დაბრუნება.
„ცაჰალის“ ჩართულობა პროცესებში
მიმდინარე პროცესების ფონზე, IDF-ის („აიდიეფი“ _ ისრაელის შეიარაღებული ძალები) სატანკო და ქვეითი ფორმირებები სირიის ტერიტორიაზე შეიჭრა და პოზიციები დაიკავა ბუფერულ ზონაში (ალფა ხაზი), გოლანის სიმაღლეებზე. ამის შესახებ „ცაჰალის“ პრესსამსახურმა განმარტა, რომ ეს გაკეთდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად _ ასადის რეჟიმის დაშლისა და ძალაუფლების ამბოხებულ ფორმირებებზე გადაცემის ფონზე.
გაძლიერდა ისრაელის შეიარაღებული ძალების ყოფნა სასაზღვრო რაიონებში. სხვა საკითხებთან ერთად, აქ განლაგებულია საჰაერო სადესანტო ბრიგადის ელიტარული ნაწილები. IDF ხაზს უსვამს, რომ არ სურს სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩარევა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ისრაელისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამასკოსკენ სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ქვედანაყოფების წინსვლის პარალელურად, IDF-ის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ იარაღის საცავებს სირიის დედაქალაქში, აგრეთვე ქიმიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ ობიექტებს.
ისრაელის სარდლობამ მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა სირიის ჯგუფებს, რომლებიც იბრძვიან მმართველი რეჟიმის დასამხობად, საზღვრის დარღვევის დაუშვებლობის შესახებ. შესაძლო ინციდენტების შემთხვევაში დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე განლაგებულია IDF-ის ჯავშანტექნიკა და ქვეითი ნაწილები.
ალ-ქაიდას მებრძოლი მულტიმილიონერი: ვინ ხელმძღვანელობს ახალ სირიას?
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რომელიც სირიას 54 წელი მართავდა, მსოფლიოს ყურადღება მეამბოხეებზეა მიმართული, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს სირიის ტერიტორიაზე. უმსხვილესი მეამბოხე დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham -ია, რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია Jabhat al-Nusra -დან გამოყოფილი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ძალაუფლება რადიკალი ისლამისტების ლიდერის ხელში გადადის. რა არის ცნობილი ამ ადამიანის შესახებ?
უპირველეს ყოვლისა, ალ-ჯულანი არის ფსევდონიმი, რაც ნიშნავს „გოლანის სიმაღლეების მკვიდრს“. მისი ბაბუა გოლანში ცხოვრობდა. მეამბოხე ლიდერის ნამდვილი სახელია აჰმედ ჰუსეინ ალ შარაა. მის შესახებ უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობებით არის სავსე. პუბლიკაციების უმეტესობის მიხედვით, ის 1981 წელს დაიბადა. მისი დაბადების ადგილის შესახებ, სულ მცირე, ორი ვერსია არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ ალ-ჯულანი დაიბადა საუდის არაბეთში ნავთობის ინჟინრის ოჯახში და იქ ცხოვრობდა 7 წლამდე, ზოგი კი ფიქრობს, რომ მისი სამშობლო იყო დირ ალ-ზური აღმოსავლეთ სირიაში.
2000-იანი წლების დასაწყისში ალ-ჯულანი ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე მეორე ინტიფადას გავლენით დაუახლოვდა ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდას. ამერიკულ PBS სატელევიზიო პროგრამასთან ინტერვიუში, მეამბოხეების ლიდერმა თქვა, რომ ამ მოვლენებმა აიძულა იგი, „დაფიქრებულიყო ჩაგრულთა დაცვის მეთოდებზე ოკუპანტებისა და ექსპლუატატორებისგან“.
ალ-ჯულანი სირიიდან ერაყში გადავიდა, შეუერთდა ალ-ქაიდას რიგებს და შევიდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ახლო წრეში. 2006 წელს ალ-ზარქავის მკვლელობის შემდეგ ალ-ჯულანი ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააკავეს და ციხეში ორი წელი გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ, სირიელი მებრძოლების მომავალი ლიდერი შეუერთდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიერ შექმნილ ერაყის ისლამურ სახელმწიფო ჯგუფს. 2011 წელს, როდესაც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, ალ-ჯულანი სირიის ტერიტორიაზე დაბრუნდა და ჯაბჰათ ალ-ნუსრას ორგანიზაციის შექმნა გამოაცხადა. მან ალ-ქაიდას ერთგულების ფიცი დადო და არ დაუმალავს, რომ მისი მიზანი სირიაში რადიკალური ისლამისტური რეჟიმის დამყარება იყო. ამასთან, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჯაბჰათ ალ-ნუსრას ისლამურ სახელმწიფოსთან შერწყმის.
თანდათან ჯაბჰათ ალ-ნუსრა სირიის ერთ-ერთ უდიდეს შეიარაღებულ დაჯგუფებად იქცა. მან დაამყარა კონტროლი ქალაქ იდლიბზე და დაიწყო მოსახლეობაზე ახალი კანონების დაწესება. 2016 წელს მან გამოაცხადა, რომ წყვეტს კავშირს ალ-ქაიდასთან და თავის ორგანიზაციას დაარქვა Jabhat Fatah al-Sham. ამჟამინდელი სახელი _ Hayat Tahrir al-Sham თაჰრირ ალ-შჰამ (მოძრაობა „ლევანტის“ განთავისუფლებისთვის) გაჩნდა ალ-ჯულანის ორგანიზაციის სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შერწყმის შემდეგ.
ალ-ჯულანის ოპონენტები ამბობენ, რომ მან ეკონომიკური იმპერია ააშენა იმათ სისხლსა და ძვლებზე, ვინც ისლამისტური დიქტატურის პროტესტს ცდილობდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, ჯაბჰათ ალ-ნუსრას ლიდერმა შემოსავალი მიიღო საზღვრის გადაკვეთის, ნავთობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან.
შეერთებული შტატები და გაერო დიდი ხანია აცხადებენ ალ-ჯულანის ორგანიზაციას ტერორისტულად. 2013 წელს ამერიკის ადმინისტრაციამ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო შესთავაზა ჯაბჰათ ალ-ნუსრას ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის.
თავად ალ-ჯულანი მუდმივად ითხოვდა სირიის ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანას. ბოლო დროს ის ახალი სირიის შექმნას აცხადებდა, რომელშიც დიქტატურის შესაძლებლობა მოისპობა. ამავდროულად, ბევრი სირიელი, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები (ალავიტები, დრუზები და ა. შ.), უნდობლობას აცხადებენ ახალი რეჟიმის მიმართ, ეშინიათ რეპრესიების. ჯერჯერობით, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი აგზავნის მილიონობით ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე თავდასხმისგან, ვანდალიზმისგან და საჯარო დაწესებულებების განადგურებისგან.
სირიელმა ამბოხებულებმა 8 დეკემბერი, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის დღე, ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს. „რევოლუციამ დაასრულა ათწლეულის ტირანია და გზა გაუხსნა დიდი სირიის აღორძინებას“, _ ნათქვამია აჯანყებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ვინ მონაწილეობს აჯანყებაში?
ასადის ძალების წინააღმდეგ შეტევაში ასევე მონაწილეობენ შემდეგი ბრიგადები:
– ფაილაკ ალ-შამი (შამის კორპუსი);
– ჯეიშ ალ-იზზა (სიამაყის არმია);
– სუკურ ალ-შამი;
– აჰრარ ალ-შამი (შამის თავისუფალი ხალხი);
– თურქესტანის ბრიგადა;
– ანსარ ალ-თაუჰიდი.
განსაკუთრებით საინტერესოა თურქესტანის ბრიგადა. მისი წევრების უმეტესობა ჯიჰადისტები არიან შუა აზიიდან (უზბეკები, ტაჯიკები), ასევე ჩინელი უიღურები ან არასირიელი არაბი მებრძოლები ახლო აღმოსავლეთიდან ან ევროპიდან. უმრავლესობა სირიაში ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად ჯერ კიდევ 2012-2015 წლებში ჩავიდა.
თურქეთისთვის ასადის შესაძლო დაცემა ან ძლიერი დასუსტება ნიშნავს შემდეგს: თურქეთი მნიშვნელოვნად გააფართოებს თავის ძალას და გავლენას ჩრდილოეთ სირიაში.
ირანი ვერ გააგრძელებს იარაღის სახმელეთო ტრანსპორტით ირანიდან ერაყისა და სირიის გავლით ლიბანში „ჰეზბოლასთვის“ მიწოდებას, ვინაიდან ბეირუთის აეროპორტი და ლიბანის პორტები ახლა ირანისთვის მიუწვდომელია. ეს ნიშნავს, რომ „ჰეზბოლა“ ვერ შეძლებს ხელახლა შეიარაღებას.
სირია: ორმაგი ძალაუფლების ან ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ეს ქვეყანა დარჩება არასტაბილური და სუსტი გაუთავებელი შიდა სამხედრო და რელიგიური კონფლიქტების გამო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხე შეუქმნას ისრაელს უახლოეს წლებში.
ლიბანი: გადარჩენისთვის ბეირუთს მოუწევს მთლიანად შეცვალოს რეგიონული კოორდინატების სისტემა, გამოდევნოს „ჰეზბოლა“ მთავრობასა და პარლამენტიდან და გადაიტანოს კავშირებზე ფოკუსირება ზომიერ არაბულ ქვეყნებთან, ისევე როგორც ისრაელთან.
არაბული ქვეყნები (ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი): ისლამისტურმა გადატრიალებამ შეიძლება გააღვიძოს მსგავსი ისლამისტური მოძრაობები იმ ქვეყნებში, სადაც უკვე არსებობს დესტაბილიზაციის საწყისები. იორდანიის რეჟიმი განიცდიდა ირანის ზეწოლას სირიიდან, მაგრამ ჯიჰადისტური ელემენტები მისთვის არანაკლებ საშიშია.
ISIS: ჯიჰადისტური ჯგუფების შესაძლო ხელახალი გააქტიურება მოსლოდნელია IშIშ-თან აფილირებულ სირიაში, ასევე ლიბანსა და იორდანიაშიც.
ერაყი: HTS -ის გამარჯვებამ სირიაში შეიძლება შთააგონოს ქმედებები მეზობელ ერაყს, განსაკუთრებით სუნიტურ რაიონებში.
რუსეთი: რუსეთისთვის ეს დიდი კრახია ყველა კონტექსტში, რაც ცხადყოფს პუტინის რეჟიმის სისუსტეს, მოკავშირეების დაუცველობის უნარს.
ისრაელი: ირანის ღერძი შეიძლება კრიტიკულად დასუსტდეს, „ჰეზბოლა“ დარჩება იარაღისა და მხარდაჭერის გარეშე, სირია კვლავ ჩაებმება სამოქალაქო დაპირისპირებაში. საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს აღმდგარი ISIS -ისგან, მაგრამ თავდაპირველად უფრო სავარაუდოა, რომ ჯგუფები ერთმანეთს დაერევიან.
The post სირიაში დიქტატურა დასრულებულია! appeared first on QronikaPlus.