სირიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა ძალაუფლების გადაცემისთვის

2 weeks ago 7

სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან და მიიღოს ნებისმიერი ზომა ძალაუფლების „გადაცემისთვის“, - იუწყება საუდის არაბეთის ტელეარხი Al Arabiya.

„ეს ქვეყანა შეიძლება იყოს ნორმალური ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც კარგ ურთიერთობას დაამყარებს მეზობლებთან და მთელ მსოფლიოსთან (...), მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა მოუწევს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ხელმძღვანელობას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მასთან, რათა შეუქმნათ ყველა შესაძლო პირობა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა Facebook-ის ეთერში.

მან მოუწოდა ყველა ძალს შეინარჩუნონ "სირიის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი" და განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო საქმეების მართვას.

ამასთან, ალ-ჯალალიმ აღნიშნა, რომ არ სჭირდებოდა თანამდებობები და პრივილეგიები და, რომ საკუთარ სახლში იმყოფება და არ აპირებს მის დატოვებას.

საინფორმაციო სააგენტო AFP, ამბოხებულთა ლიდერზებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემამდე, სირიის სამთავრობო ინსტიტუტები პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ დარჩებიან.

გავრცელებული ცნობებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად ხალხმა დაიწყო შეკრება დამასკოს ცენტრში, ომაიანთა მოედანზე, სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი სამთავრობო ინსტიტუტები, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უკრავს მუსიკა და დაახლოებით ათამდე ადამიანი როგორ ცეკვავს მიტოვებული ტანკის გარშემო.

სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.

სრულად წაკითხვა