„სირცხვილია“ — რატომ აკრიტიკებენ ევროპელი პოლიტიკოსები ჰერჩინსკის

1 week ago 5

ევროპელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრად ახალდანიშნულ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინკიმ შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„სირცხვილია, სათქმელი მეტი არაფერია. ევროკავშირო, გაიღვიძე“, — წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს მიმართავს.

„სირცხვილი პაველ ჰერჩინსკი! თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს საქართველოში“, — მიმართავს ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ დროა, რომელიმე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებიდან (ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა, კაია კალასი, მარტა კოსი) თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში გაფრინდეს.

„ხალხი იქ დემონსტრაციებს აწყობს არა მეტი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის. უკვე დაგავიწყდათ?“, — წერს როთი.

„ერთ დღეს მოპარული არჩევნების დაგმობა და მეორე დღეს რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევა. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა არ არის მხოლოდ ჟესტი — ეს არის კრემლის „ქართული ოცნების“ სამაშველო რგოლი. რამდენჯერ შესძენს ევროკავშირი სანდოობას მათ პროპაგანდას? მიუღებელია“, — წერს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს; ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას; აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის; ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას;

„თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად. ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას“, — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ქართულმა ოცნებამ“ შეაქო პაველ ჰერჩინსკი.

„ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ!“ — დაწერა სოციალურ ქსელში თეა წულუკიანმა.

მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ ჰერჩინსკი „პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს“.

„ცხოვრება გრძელდება, [საგარეო საქმეთა მინისტრს] ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება — დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია“, — თქვა მდინარაძემ.

სრულად წაკითხვა