"სიტუაცია დამშვიდდება, ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს" - რას ამბობს ზურა მანჯავიძე

9 hours ago 3

მომღერალი ზურა მანჯავიძე, მსახიობი მარტა ბარამიძე და მსახიობი მანანა აბრამიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ.

ზურა მანჯავიძე:

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონება, რაც ხდება. ყველამ უნდა იცოდეს, ძალადობა ყოველთვის ძალადობას შობს. არ მომწონს აქციის დაზარალებული მონაწილეების ცქერა და არც ის, მათი ნაწილი როგორც იქცევა, პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს რომ ესვრის. როცა პოლიციის კორდონი დგას და შენკენ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ შენ მისკენ მიდიხარ, რაღაც საგნებს ესვრი, ამას მათი მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. ყველამ უნდა იცოდეს, შეიგნოს, სამართალდამცველებზე ძალის გამოყენება არ შეიძლება.

აქცია მშვიდობიანი არის იმ მომენტამდე, სანამ თავად არ ესვრი სხვდასხვა საგანს, არ გადახვალ შეტევაზე და შენობაში შეჭრას არ ეცდები. როგორც კი ამ ნაბიჯს დგამ, ის უკვე სცდება მშვიდობიანი აქციის ფარგლებს. ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ მართლა მშვიდობიანად დგანან და ასეთი ბევრია. თუ ეს მშვიდობიანი ხალხი იმ რადიკალურ ჯგუფებს თავად ვერ უმკლავდება, შეძლებისდაგვარად, ამ ექსტრემისტებს უნდა გაემიჯნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც თანამოაზრეები გამოდიან.

ევროკავშირის "ბოსები“ ჩვენს ქვეყანას კარგად არ ექცევიან, ამდენი ხანია გვაწვალებენ, უნდათ კუდის ქიცინის რეჟიმში ვყავდეთ, მათი დაფინანსებული არასამთავრობოების გამონათქვამის არ იყოს, მუდმივ რეჟიმში ცალ ფეხზე მხტომიარე უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი ისტორიით, წარსულით, თავგანწირვით, ჩვენი ადგილი გვაქვს დაკავებული ევროპაში და ფორმალურ გაერთიანებებში შესასვლელად ვინმეს ხვეწნა ნამდვილად არ გვჭირდება. მათ ჩვენთან ურთიერთობა თუ უნდათ, დაგველაპარაკონ თანასწორად და ჩვენ ნუ გვახვეწნინებენ. გახსნან მოლაპარაკება და ამ წინადადებას თუ არ მიიღებს ხელისუფლება, ეს სულ სხვა საკითხი იქნება. "ქართული ოცნება" ეუბნება, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის და რატომ არ ხსნიან?

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს აწყობს. მტერია, ვისაც ჩვენი გაუბედურება, ომში ჩათრევა უნდა. ეს ხალხი რატომ ვერ აცნობიერებს, სულ 1-საათიანი ომი და საქართველო აღარ იარსებებს. დიდი ბოდიში, მაგრამ ცოტა ანალიტიკურად იაზროვნეთ! მე მაინც მგონია, რომ თქვენ მოტყუებულები ხართ. თვალი გაახილეთ, ირგვლივ რა ხდება. თუ მაინცდამაინც მშვიდობა არ გინდათ და ომისკენ ისწრაფვით, ვიცი ერთი ადგილი და მიგასწავლით, სად უნდა წახვიდეთ. ამ ქვეყანაში "ომობანას“ თამაშს ყველამ თავი დაანებოს. არ იციან, ომის სიმწარე რა არის. 2008 წლის ომი ჟურნალად მოგვეჩვენება, ისეთი უბედურება შეიძლება დაატრიალონ ამ ქვეყანაში. ამათ რა ჰგონიათ, ომი ავტომატებით იქნება? ისეთი კოშმარი მოხდება, არც კი დაგესიზმრებათ, მერე აქედან გაქცევას ბევრი ეცდება და ჩვენ, უბრალო ადამიანები უნდა შევაკვდეთ. დაფიქრდით, ქვეყნის არსებობის ან არარსებობის საკითხი წყდება. წარმოგიდგენიათ, ის ბომბები რომ გამოიყენონ, რომელიც უკრაინაში ჩამოაგდეს, რას დაემსგავსება ქვეყანა, რამხელა მსხვერპლი მოჰყვება და როგორ ნგრევას გამოიწვევს? საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ჭარბობენ. ვინც ამბობს, საქართველოს ბედი სხვა ქვეყნების ომებში წყდებაო, წავიდნენ და იქ იომონ.

ქვეყანა თავისუფალია, რაც უნდათ, ის გააკეთონ, მაგრამ მოეშვან ქართველი ხალხის სახელით საუბარს. ქართველი ხალხის უმრავლესობამ გააკეთა არჩევანი. ყველამ უნდა იცოდეს, მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტს, ვინ უნდა იყოს მთავრობაში, როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს და ა.შ. ესაა კაცობრიობის წესი. უმცირესობის ხუშტურებზე ვერ ივლის უმრავლესობა. ჩემს ცხოვრებას მათი მითითებებით ვერ ავაწყობ. კეთილი ინებონ და საწინააღმდეგო ნორმალური არგუმენტებით დამიმტკიცონ. მათთან როგორც კი კამათში შედიხარ, ეგრევე მტერი ხდები. ეგ ბულინგი სადაც გასვლიათ, ისევ ისინი აბულინგონ, ეს ყველაფერი მე წლების წინ გავიარე. სულ არ მანაღვლებს, ჩემზე რას იტყვიან, გინდა გოშიას დაუწკმუტუნია და გინდა მაგათ უთქვამთ რამე. მოვიდნენ და პირდაპირ დამელაპარაკონ, მაგათი არავის ეშინია.

ეს პროცესი ისედაც მილევადია. სიტუაცია დამშვიდდება. ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს. ყველა დაინტერესებულ ადამიანს იწვევს დასალაპარაკებლად, გამოსავალი ვნახოთო. მე რომ ახლა აქციის მონაწილე ვიყო, აუცილებლად მივიდოდი პრემიერთან და დაველაპარაკებოდი. ესენი ამას არ აკეთებენ. რადიკალური ტონით უნდათ დაგვაბულინგონ და არ გამოვა ის ამბავი, მათ ხუშტურებზე ვერ ვიცხოვრებთ. ქვეყანას სჭირდება განვითარება და მშვიდობა. ყველამ უნდა დაიოკოს ემოცია, დიალოგის და არგუმენტების მოსმენის რეჟიმში უნდა გადავიდეთ. ის ნუ კი ჰგონიათ, რომ მათი სიტყვა და აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება, ბოლშევიკურ, ფაშისტურ ნარატივს უნდა შეეშვან, არ უნდა იძახონ, ან ჩემთან ერთად იდგები, ან ჩემი მტერი ხარო. ახალი არჩევნები რატომ უნდა ჩავატაროთ, "ხოშტარიებს" წაგება რომ არ მოსწონთ? რადიკალებმა ძალიან კარგი სიმბოლო აირჩიეს საკუთარი თავისთვის. დიდი შავი წერტილი ჩემთვის ოპოზიციის დასასრულის სიმბოლოა. პატრონს ნელ-ნელა ჩაბარდებიან, ბოლო გაფართხალება აქვთ. დავინახე, როგორ უშლიან ხელს რადიკალებს აგრესიის გამოხატვაში მშვიდობიანი ადამიანები, მაგრამ გავლენას ვერ ახდენენ. მათი ძალადობა ისეთივე საშინელი სანახავია, როგორც ძალადობის გადამეტება სამართალდამცავების მხრიდან. ამბობენ, სიტყვა "მაგრამ" არ თქვათო. მიკიჟინებენ, ამ სიტყვას რატომ ამბობო? იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ქმედებას აქვს თავისი მიზეზი, საიდან დაიწყო. პირველი ვინც იძალადებს, ყოველთვის მისი ბრალი იქნება. მჯერა, ძალიან მალე თვალი ბევრს აეხილება. ნახავთ, ქვეყანაში როგორ ფერისცვალება მოხდება" - ამბობს ზურა მანჯავიძე.

მარტა ბარამიძე:

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა წითელი ხაზი მორღვეული იყო და ზღვარი აღარ ჰქონდა მაგათ ქმედებებს, ეს განცხადება მათი არჩეული კურსის ღია დასტური იყო. თუ აქამდე რაღაცის იმედი მაინც გვქონდა, ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგების, ეს განცხადება იყო უდიდესი იმედგაცრუება, პირდაპირი მესიჯი რუსეთისთვის, პუტინისთვის, - საქართველო შენი იქნებაო. ეს საქართველოს რუსეთიზაციის პირდაპირი გზაა. დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება და აქციის მონაწილეები შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ეს უკვე მათ შიდა დაბნეულობაზე, შიშზე მიუთითებდა; იმ შიშზე, რომელიც ქართველი ხალხისგან იგრძნეს. ჩვენ თითქმის 24 საათი აქციაზე ვართ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ჩანაცვლებით. არაფერი გვაბრკოლებს და ეს იგრძნეს, შეეშინდათ. თვითონვე აიბურდნენ თავიანთი განცხადებებით, როგორც ჩანს, შიგნითაც არეულობა აქვთ და ვეღარ იპოვეს გამოსავალი, რა როგორ გამოესწორებინათ. მათ დაინახეს იმის რეალური საფრთხეც, რომ სკამებზე თბილად ვეღარ მოსხდებიან, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას - ამ დღეებმა ეს დაადასტურა და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ყველაფერი ისე, რომ თან საქმე არ გაიფუჭონ, თან რუსეთს ისევ კუდი უქიცინონ, თან აქციის რისხვაც როგორმე აირიდონ.

ირაკლი კობახიძის ეს ინიციატივა იყო სრული აბსურდი. ვის უნდა ველაპარაკოთ ან რაზე? ამდენი ადამიანის ხმა აქამდე თუ ვერ გაიგო და ვერ მოისმინა, ამ შეხვედრაზე რას გაიგებდა? მოქალაქეებს, ჟურნალისტებს ცხვირ-პირი აქვთ დალეწილი, კობახიძეს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ვნახეთ, პირდაპირ ეთერში საკუთარ ბრიფინგზე როგორ ესაუბრა ჟურნალისტებს, რა ტონით მიმართა, "გადი, მიდი, მოდი" ამ ფორმატში უნდა ელაპარაკა ჩვენთანაც? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ შიშზე. დაახლოებით 400 ადამიანია დაჭერილი და აქეთ რა ხდება, რომელიმე სამართალდამრღვევი (სამართალდამცავს აღარ ვუწოდებ) არის დაკავებული ძალის გადამეტებისთვის? ერთი მაინც არის? აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი?

ხალხი ყოველგვარი ლიდერების გარეშე ვდგავართ. ჩვენ არ გვხელმძღვანელობს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს მოქალაქეების აქციაა. შეუძლებელია მოხდეს სრულად კონტროლი, შეიძლება გამოერიოს 2-3 ისეთი ადამიანი, რომელსაც სურს პროვოკაციის მოწყობა. ე.წ. ტიტუშკები დიდი ხანია აღმოვაჩინეთ, ისინი ხალხში არიან გაბნეულები და ცდილობენ, შექმნან არეულობა. როდესაც ამბობენ, ძალადობას ორივე მხრიდან ვგმობთო, არასწორია. აქ ორი მოძალადე მხარე არ არსებობს. მოძალადე მხარე ერთია და ეს ე.წ. ხელისუფლებაა.

რობოკოპებს ისეთი აღჭურვილობა აქვთ, მათთვის ვერანაირი ზიანის მომტანი ვერ იქნება. ისინი კი გვგუდავენ გაზით, ათასი გაურკვეველი ნივთიერებით, ტროტუარზე გვაგდებენ და ცხვირ-პირს გვიერთიანებენ. აქციებზე თუ შევამჩნევთ ვინმე ისეთს, ვისაც პროვოკაციაზე წასვლა უნდა, ჩვენ თავადვე ვანეიტრალებთ, ველაპარაკებით, რომ მისი სურვილი არასწორია. იქ საოცარი თაობა დგას, ძალიან კარგი ბავშვები, სწორი ფასეულობებით და ღირებულებებით. ვინც ამბობს, რომ ძალადობა ორმხრივია, ისინი ან "იმედს" უყურებენ, ან "პოსტივის".

ადამიანები შეიძლება ემიჯნებოდნენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, მაგრამ თუ ამბობენ იმას, რომ ოპოზიციას ემიჯნებიან, ვგონებ იმას გულისხმობენ, რომ აქციაზე არ სჭირდებათ პოლიტიკოსების მოწოდებები. ამას მეც ვემიჯნები. არ მჭირდება სცენა და სცენიდან რომელიმე პოლიტიკოსის მოწოდება. რაც შეეხება არჩევანს ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის: მირჩევნია, პარლამენტში იყოს თუნდაც 4 პარტია, რომელსაც ექნება თანაბარი ძალაუფლება და არა - ერთი დიქტატორი, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. მათ შორის ადამიანებმა განსხვავება თუ ვერ დაინახეს, მაშინ საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა.

ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოდა ევროპული ღირებულებებისთვის, ამისთვის სწირავდნენ ადამიანები თავს. ჩვენი ყველაზე დიდი იმედი სიმართლეა, როცა შენ ხარ მართალი და როცა ხედავ, მეორე მხარეს რამდენი სიბინძურეა, რამდენი ტყუილია, რამდენი ბოროტი ქმედებაა ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, საუბარიც ზედმეტია. შეუძლებელია არ იყო იმედიანად, ეს სიმართლისა და ბოროტების ბრძოლაა" - ამბობს მარტა ბარამიძე.

მანანა აბრამიშვილი:

"სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მიზანმიმართულად იშვერს ხელს რუსთაველის თეატრისკენ. ყოველთვის მიზანში ვყავართ ამ ადამიანებს ამოღებული. სხვათა შორის, ამას ვინმე შიგნით თეატრის წარმომადგენელი თუ არ გააკეთებს, ჩვეულებრივი მოქალაქე არ იზამს. როგორც კი ერთი მსახიობი მაინც რაიმე ცუდს დაწერს ან იტყვის ჩვენი მისამართით, მაშინვე მოდის დიდი ნეგატიური ტალღა. ამის მოთავე ყოველთვის არის ხოლმე დათა თავაძე. ასე მოხდა, როცა კანონი გამჭვირვალობის შესახებ მიიღეს. დათა დაიწყებს ჩვენს მიწაში ჩადებას და მერე მისი შპანა მოჰყვება. არ ვიცი, ეს ადამიანი ამ თეატრს რას ერჩის. არ ეკადრება რუსთაველის თეატრის დასის წევრს ის, რასაც ანა ამილახვარი აკეთებს. ვფიქრობ, ის სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. ჩემი ამ პოზიციის გამო, ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ, მამცირებდნენ, ნეტავ შენ რომელი მსახიობი ხარო? ისეთ სიტყვებს წერენ, ვერაფრით ვიგებ, საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი ბოროტება? მეც ვიყავი ამ ახალგაზრდების ასაკში, მაგრამ ასეთი ბოროტი ფიქრები არასდროს მქონია. საბედნიეროდ, ბევრი წესიერი და კარგი ახალგაზრდა იზრდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თაობის ნაწილში ასეთი მანკიერება რატომ არის, ვერ ვხვდები. როდესაც ანასთან ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მან თქვა, ვიღაცამ დაიყვირა, თეატრიდან ისვრიანო. ჩვენ ანასგან ის გაგვიკვირდა და ვერ ვპატიობთ, როცა დასის წევრი ხარ და ხელი მიგიწვდება დარეკო დაცვასთან, მმართველთან, დარეკე, გადაამოწმე, მოისმინე, რას გეტყვიან, პირდაპირ გადაუმოწმებელ განცხადებას რატომ აკეთებ?

ხომ ამბობენ, ამ ხელისუფლებას 12 წელი ნაციონალური მოძრაობა ჰყავს ოპოზიციაში და ამიტომ იმარჯვებენო. ამ აზრს კატეგორიულად არ ვემხრობი. იმიტომ იმარჯვებენ, რომ ქვეყანა ძალიან სწორი კურსით მიჰყავთ. ამ ხელისუფლების პირობებში ვგრძნობ, ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, ეს განცდა მიშას პრეზიდენტობის დროს არ მქონდა; მაშინ მეგონა, ამ ქვეყანაში მდგმური ვიყავი, სიტყვის თქმის უფლება არ მქონდა. ახლა რაც გინდა თქვი, რაც გინდა აკეთე, ბიზნესი დაიწყე, ვინმე გატერორებს?

რასაც აკეთებენ, იმის აფიშირებას არ ახდენენ და ეს ძალიან ცუდია. ამაზე ღიად უნდა ილაპარაკონ. ბიძინა ივანიშვილმა რამდენი სიკეთე გაუკეთა ქვეყანას, სრულად ესეც არ არის ცნობილი და უნდა ვიცოდეთ. როგორ შეიძლება, ელემენტარული პატივისცემა არ გაგაჩნდეს ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენ რამეს უანგაროდ უკეთებს შენს ქვეყანას? ჩემი შვილი, თეკლა მეუბნებოდა, ამ აქციაზე ხალხი რომ დგას, მათ არც "ნაცები“ უნდათ და არც "ოცნებაო“. ისიც იყო აქციაზე გასული, მაგრამ დაბნეული გახლდათ. ორი შვილი მყავს და საკუთარ აზრს თავზე არც ერთ მათგანს ვახვევ, მინდა გადაწვეტილებები თავად მიიღონ. რომ გავიგე თეკლას აქციაზე გასვლის ამბავი, ბუნებრივია, არ დამიშლია, უბრალოდ დავსვი და დავილაპარაკეთ. მკითხა, ასეთი რადიკალი რატომ ხარო? ინტერნეტში ვაჩვენე გირგვლიანის ამბავი, ბუტა რობაქიძე, ვაზაგაშვილი, რა ხდებოდა 26 მაისს, რა ხდებოდა 7 ნოემბერს... ეს ყველაფერი ამ თაობას ნანახი არ აქვს, არ იძიებენ იმ პერიოდზე ინფორმაციებს. არასდროს დამავიწყდება, როგორ ტიროდა ირინა ენუქიძის ერთ ვიდეოზე. თეკლას თაობამ არ იცის, რა არის რეჟიმი და მე ვიცი. ჩემი თაობა ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე მოგვატყუეს, როდესაც "ვარდების რევოლუციის" დროს გვერდით დავუდექით და მალევე მივხვდით, სად აღმოვჩნდით, მაგრამ ვეღარ მოვერიეთ. ახლა შვილების თაობას მაგათ აღარ მოვატყუებინებთ, ასეთი რადიკალი ამიტომ ვარ. ღმერთმა დაგვიფაროს და მართლა მოხდეს რევოლუცია, ისევ "ნაცები“ დაბრუნდებიან და რეჟიმი რა არის, მერე გაიგებენ ახალგაზრდები.

ამ მდგომარეობიდან გამარჯვებული ან დამარცხებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა. ჩვენ ან ყველანი ერთად დავმარცხდებით, ვიღაც მესამე დაგვეპატრონება და მართლა მონები გავხდებით, ან ყველა ერთად გავიმარჯვებთ და შევქმნით ბედნიერ მომავალს. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ, დიალოგი უნდა შედგეს. პრემიერმა მიიწვია აქციის მონაწილეები სალაპარაკოდ, მაგრამ არავინ მოვიდა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ზოგიერთი იქ პირადი წყენების გამო დგას და არ შეიძლება, პირადი წყენის გამო, საკუთარ სამშობლოს დაუპირისპირდე" - ამბობს მანანა აბრამიშვილი.

სრულად წაკითხვა