სლოვაკეთის ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა რუსეთთან დაახლოების პერსპექტივა

5 hours ago 3

სლოვაკეთის ათასობით მოქალაქე გამოვიდა პარასკევს ბრატისლავაში. ისინი აპროტესტებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კურსს, რომელიც კრემლთან დაახლოებისკენ არის მიმართული.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები და ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას სლოკავეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის გამო.

დეკემბერში, ფიცო მოსკოვს ეწვია. მან 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ფიცო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთაგან, რომლებთანაც პუტინი კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ ფიცო რუსეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "საერთაშორისო ვითარებაზე" და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.

მიხალ სიმეცკამ, "პროგრესული სლოვაკეთის" ლიდერმა, ფიცოს მოგზაურობა პუტინთან შესახვედრად შეაფასა, როგორც "სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი".

პარასკევს გამართული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სლოვაკეთის დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი გამოვიდა.

სლოვაკეთი უკრაინასთან დავობდა კიევის გადაწყვეტილების გამო, პირველი იანვრიდან შეაჩეროს რუსეთის გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით.

ფიცო უკრაინას დაემუქრა, რომ მიიღებს საპასუხო გადაწყვეტილებას და კიევს შეუჩერებს ჰუმანიტარულ დახმარებას, შეწყვეტს სლოვაკეთში უკრაინიდან დევნილთა მხარდაჭერას, ან გააჩერებს უკრაინაში ელექტროენერგიის ექსტრემალურ მიწოდებას.

პარასკევს მან განაცხადა, რომ პუტინის დაპირების თანახმად, გამოინახება სლოვაკეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზა.

დეკემბერში სლოვაკეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში იყო პირველი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან, დასავლელი პოლიტიკოსები, მით უმეტეს ქვეყნების ხელმძღვანელები, რუსეთს უკიდურესად იშვიათად სტუმრობენ. მოსკოვში ბოლო სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

სრულად წაკითხვა