სოხუმში გადაწყვიტეს, თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ისაუბრონ

4 days ago 3

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებს დაავალა,  თბილისთან განიხილოს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა.

ენერგოუსაფრთხოების შტაბის სხდომაზე განიხილეს ზაფხულის ლიმიტის ხარჯზე ზამთრის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის ვარიანტი, როდესაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა.

დღეს Интер РАО-ს გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში [დე ფაქტო] ელექტროენერგიის მიწოდება ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარ გადახდას ექვემდებარება, 2025 წელს მისი გაგრძელების შესაძლებლობა კი ჯერჯერობით არ განიხილება.

“აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ ვახორციელებთ მიწოდებას წინასწარი გადახდის საფუძველზე, იმ თანხის მიხედვით, რომელსაც ქვეყანა წინასწარ გვიხდის” ,- განაცხადა მან.

პანინას განცხადებაზე კომენტარი  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრმა, ჯანსუღ ნანბამ გააკეთა.

“30 ოქტომბერს გავგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროში, რომელშიც ვითხოვთ სოციალური ნაკადის დაწყებას 2025 წლის დაგეგმილი მოცულობის ფარგლებში 1 იანვრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ 327 მილიონ კვტ/სთ-ზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,4 მილიარდი რუბლია. ეს მოცულობა საკმარისი იქნება სამი თვის განმავლობაში, ყოველი ოთხი საათის განმავლობაში მოძრავი ჩაქრობით. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი რუსი კოლეგებისგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. სოციალური ნაკადის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, როგორც ახლა, ელექტროენერგია შევიძინოთ რუსეთის ფედერაციისგან” ,- განაცხადა ნანბამ.

9 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი.

“რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

07:00 საათიდან 21:00 საათამდე აბონენტები ელექტროენერგიას დღეში ორჯერ, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში მიიღებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იქნება მხოლოდ ღამით – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე 9 საათისა და 20 წუთის განმავლობაში დარჩება.

მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.

მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და რუსეთიდან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.

სრულად წაკითხვა