„სპეცრაზმელი არ იღლება“ - სპეცრაზმის სანქცირებული უფროსი „ხარება“

2 weeks ago 13

„სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“.

ეს პასუხი გასცა მან ჟურნალისტების კითხვას, „დაიღალნენ თუ არა სპეცრაზმელები და ამიტომ დასჭირდათ დამატებით [უფორმო] ძალების მობილიზება“.

მან ასევე თქვა, რომ სპეცრაზმს „ხალხი არ უცემია - ხალხი მოიგერია“.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ არის იდენტიფიცირებული ის სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტ გურამ როგავაზე იძალადა, - რის შედეგადაც როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი, - „ხარებამ“ განაცხადა:

„რა გურამ როგავა... არ ვიცი [ვინ არის]“, - თქვა მან და არ უპასუხა კითხვას, „ნუთუ არ გინახავთ კადრები, როგორ დაასისხლიანეს“.

„არავინ არ გასცემს დავალებებს. არც მე არავინ არ მაძლევს... სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მოქმედება“, - ამბობს ის.

ზვიად ხარაზიშვილმა უპასუხა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელმაც ფრანგულ მედიასთან თქვა, რომ სპეცრაზმელები „ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.

მან გამოიყენა რუსული სიტყვა „სპეცნაზი“ და თქვა:

„სპეცნაზელებზე ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშიაო, ეგ არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ, რომელია არაფხიზელი. რეებს იტყუებით, ვერ გავიგე“, - უთხრა „ხარებამ“ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე, ავტომობილში ყოფნისას.

„თვითონ არის ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც. ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკები. რაღაც სისულელებს რომ ... გადი გამანებე თავი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ზვიად ხარაზიშვილს შეერთებული შტატების მიერ სანქციები აქვს დაწესებული - ის, თავის მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად, „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს - სახელმწიფო დეპარტემენტის შეფასებით, ისინი „ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში“.

ხარაზიშვილს სავიზო სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამაც.

ჟურნალისტებთან მის ამ საუბრამდე, მისგან ოცდაათიოდე მეტრში, თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი დავით დათუნაშვილი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

მეშვიდე დღეა რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

სრულად წაკითხვა